მისასალმებელი სიტყვა
ძვირფასო მეგობრებო,
მოგესალმებით ევროსაბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ოფიციალურ ვებგვერდზე!
უდიდესი პასუხისმგებლობა და პატივია ჩემთვის, ვემსახურო ჩემი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს ორგანიზაციაში, რომელიც ჩვენი ისტორიული ღირებულებების და ფუნდამენტური პრინციპების დამცველი და გამტარებელია.
საქართველო 1999 წელს გახდა ევროპის საბჭოს სრულფასოვანი 41-ე წევრი და ამ დროიდან მოყოლებული, ჩვენ ვდგავართ ერთიან ევროპულ ოჯახში საერთო ღირებულებების – დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და სამართლის უზენაესობის დასაცავად.
ჩვენი წევრობა და თანამშრომლობა ევროსაბჭოსთან არის პასუხისმგებლობა ჩვენი მოქალაქეების წინაშე და ერთგულება ევროპული ღირებულებების მიმართ.
საქართველო მტკიცედ აგრძელებს სვლას ევროპული ინტეგრაციის გზაზე. ჩვენი მიზანია, გავაძლიეროთ დემოკრატია, უზრუნველვყოთ ძლიერი ინსტიტუტები, განუხრელად დავიცვათ ადამიანის უფლებები და ხელი შევუწყოთ მშვიდობას ჩვენს ქვეყანაში და რეგიონში. ამასთანავე, მხარი დავუჭიროთ ქართულ დიასპორას, ხელი შევუწყოთ საფრანგეთში მცხოვრები ან დროებით მყოფი თანამემამულეების ინტერესების დაცვას.
დარწმუნებული ვარ, ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება სოლიდარობის, ურთიერთპატივისცემისა და ერთიანი ევროპული მომავლისთვის.
დღევანდელ გამოწვევებით სავსე გეოპოლიტიკურ კონტექსტში, როდესაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის 20%-ზე მეტი ოკუპირებული აქვს რუსეთის ფედერაციას, საქართველო, როგორც ევროპული ოჯახის წევრი, მტკიცედ აგრძელებს სვლას ევროინტეგრაციის გზაზე, რომელიც ჩვენი მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის არჩევანი და საქართველოს დემოკრატიულად არჩეული მთავრობის გაცხადებული კონსტიტუციური მიზანია.
საქართველო აგრძელებს ასოცირების შესახებ შეთანხმებით აღებული ვალდებულებების განხორციელებას, დემოკრატიის, ეკონომიკის, სახელმწიფო ინსტიტუტების, სასამართლოს გასაძლიერებლად რეფორმების გატარებას. ამ გზის ლოგიკური გაგრძელება ევროკავშირში გაწევრიანებაა, ჩვენი ქვეყნის ევროპულ გზაზე ევროპის საბჭოს მხარდაჭერა და თანამშრომლობა ძალზედ მნიშვნელოვანია.
უდიდესი პატივისცემით ვარ განმსჭვალული ევროსაბჭოს ღირებულებების, ისტორიის და ფასეულობების მიმართ. გამოვთქვამ იმედსა და რწმენას, რომ ჩემი გამოცდილებით წვლილს შევიტან საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის კიდევ უფრო მეტად განმტკიცებასა და გაღრმავებაში.
ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლობის ოფიციალური ვებგვერდი დაგეხმარებათ გაეცნოთ ქ. სტრასბურგში საქართველოს საელჩოს საქმიანობას, ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებს ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიის და კანონის უზენაესობის მიმართულებით მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო ორგანიზაციასთან და მის წევრ ქვეყნებთან და დინამიკას. ამ მიზნით ასევე გთავაზობთ ეწვიოთ ჩვენი facebook-ისა და X-ის გვერდებს:https://www.facebook.com/GeorgiaintheCoE; https://x.com/GeorgiainCoE.
მადლობას გიხდით ნდობისთვის, თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის. საქართველოს და მის მეგობარს - ევროპის საბჭოს ვუსურვებ მშვიდობას, კეთილდღეობასა და წარმატებას საერთო მიზნების და ღირებულებების განმტიცების გზაზე.