Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა მინისტრთა კომიტეტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა

2008 წლის აგვისტოს ომის მე-18 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში, ხატია წილოსანმა მინისტრთა კომიტეტს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ განახლებული ინფორმაცია მიაწოდა.
 
ხატია წილოსანის განცხადებით, საქართველო კვლავ მტკიცედ უჭერს მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებასა და ხელოვნურად გაყოფილი საზოგადოების წევრებს შორის ნდობის აღდგენას. მან ხაზგასმით აღნიშნა საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობით, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობა.
 
საქართველოს ელჩმა ყურადღება გაამახვილა საერთაშორისო დღის წესრიგში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების საკითხის მაღალ დონეზე შენარჩუნების აუცილებლობაზე. ასევე, აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტური და დროული აღსრულებისა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შეუფერხებელი წვდომის უზრუნველყოფის მნიშვნელობა.
 
"მდგრადი მშვიდობა მუდმივი დიალოგით, საერთაშორისო სამართლის განუხრელი პატივისცემითა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, მშვიდობიანი გზით აღდგენისკენ მიმართული უწყვეტი ძალისხმევით მიიღწევა,“ - განაცხადა საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ევროპის საბჭოში, ხატია წილოსანმა.