ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 30-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“
2024 წლის 27 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1513-ე სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 30-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.
გენერალური მდივნის 30-ე ანგარიში აღწერს პერიოდს 2024 წლის აპრილიდან სექტემბრის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობას.
მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე გენერალური მდივნის 30-ე კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას, ალენ ბერსემ მწუხარება გამოთქვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის ულებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. მან მტკიცედ დაადასტურა, რომ ევროპის საბჭო მისი მანდატის ფარგლებშიც გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას. გენერალური მდივანი მიესალმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში.
სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ახალ გენერალურ მდივანს და მინისტრთა კომიტეტს, კონსოლიდირებული ანგარიშის მიღებისა და საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისათვის. მან სხდომის მონაწილეებს ინფორმაცია მიაწოდა ადგილზე არსებული ვითარების შესახებ. ისაუბრა რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებაზე. მინისტრის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ადასტურებს საქართველოს რეგიონების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს.
დასასრულს, მან დაადასტურა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულება და მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს და ევროკავშირს მხარდამჭერი განცხადებებისთვის.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 30-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 30-ე კონსოლიდირებული ანგარიში "კონფლიქტი საქართველოში"