Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

16 წელი რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან

წელს, 16 წელი შესრულდა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიიდან. დღეს, პატივს მივაგებთ და სამძიმარს ვუცხადებთ, 2008 წლის ომში გმირულად დაღუპული მებრძოლებისა და მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებსა და ახლობლებს.
 
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ 2021-2024 წწ., მიღებული გადაწყვეტილებებით დადასტურდა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების ეფექტური კონტროლი და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების უხეშ დარღვევაზე მისი პასუხისმგებლობა.
 
გასულ წელს, რეიკიავიკის ისტორიული სამიტის ფარგლებში, ევროპის საბჭომ მოუწოდა რუსეთს პატივი სცეს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ძალები საქართველოს ტერიტორიიდან და შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა და იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნების დაბრკოლება.
 
ასევე, 2023 წლიდან ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშებში, პირველად ჩაიწერა ტერმინი "საოკუპაციო ხაზი" (Occupation Line), რომელმაც ჩაანაცვლა ადრე გამოყენებული სახელდება “ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი" (Administrative Border Line). ევროპის საბჭომ წელსაც მტკიცედ დაუჭირა მხარი საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.
 
საქართველოს მშვიდობიან მოქალაქეთა მკვლელობები, უკანონო დაკავებები, ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია და რუსეთის მიერ განხორციელებული სხვა დესტრუქციული ქმედებები, მათ შორის საოკუპაციო ხაზზე ხელოვნურად აღმართული ბარიერები, კიდევ უფრო აუარესებს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მყიფე გარემოს. აღნიშნულის დაფიქსირებას ახდენს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი თავის გადაწყვეტილებებში. აღსანიშნავია, რომ რუსეთი დღემდე აბრკოლებს ადგილზე საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებეთა კომისრის, შეუზღუდავ წვდომასა და უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების განლაგებას.
 
ოკუპაცია დროებითია. საქართველოს მომავალი ერთიანია და ნათელია. დიდება გმირებს!