Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

საქართველოს ელჩმა მადლობა გადაუხადა მარია ბურიჩს, გენერალური მდივნის რანგში გაწეული საქმიანობისთვის

ევროპის საბჭოს რიგით მე-14 გენერალურმა მდივანმა მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩმა დაასრულა თავისი საქმიანობის მანდატი, რომლის განმავლობაშიც ევროპის საბჭოს წვლილი საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერაში მნიშვნელოვნად გაიზარდა.
 
საქართველოს ელჩმა, თამარ ტალიაშვილმა გულითადი მადლობა გადაუხადა მარია ბურიჩს, გენერალური მდივნის რანგში გაწეული საქმიანობისთვის.
 
სიტყვით მიმართვისას, ელჩმა ხაზი გაუსვა გენერალური მდივნის საქართველოში ვიზიტის დროს საოკუპაციო ხაზთან და დევნილ მოსახლეობასთან შეხვედრის მნიშვნელობას, რისთვისაც მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მარია ბურიჩს. მან, ასევე, აღნიშნა მარია ბურიჩის ხელმძღვანელობის პერიოდში, ევროპის საბჭოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა, რაც კიდევ ერთხელ გამოიხატა გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშში სწორი ტერმინოლოგიის დანერგვით. კერძოდ: 2023 წლის ანგარიშში პირველად ჩაიწერა ტერმინი „საოკუპაციო ხაზი“ (Occupation Line), რომელმაც ჩაანაცვლა ადრე გამოყენებული სახელდება „ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი“ (Administrative Boundary Line). ასევე, განსაკუთრებით დასაფასებელია მისი მხარდაჭერა ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოში უკანასკნელ პერიოდში გატარებული არსებითი რეფორმების კუთხით.
 
თამარ ტალიაშვილმა, ასევე, გაამახვილა ყურადღება ევროპის საბჭოს საქმიანობის იმ მნიშვნელოვან მიმართულებებზე, სადაც, მიუხედავად არსებული მძიმე გამოწვევებისა, მიღწეულ იქნა თვალსაჩინო შედეგი ევროპის საბჭოს ძირითადი ღირებულებების - ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების კუთხით.
 
საქართველოს ელჩის თქმით, მსოფლიოში პირველი კონვენცია ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელსაც პირველ ხელმომწერთა შორის 2024 წლის 5 სექტემბერს საქართველოც შეუერთდა, გარემოსდაცვით სფეროში საქართველოს თავმჯდომარეობის პერიოდში დაინიცირებული ადამიანის ფუნდამენტური და გარემოს დაცვითი უფლებების დაკავშირება, ახალგაზრდობის მხარდაჭერის კუთხით გაწეული ძალისხმევა, განსაკუთრებით კი რეიკიავიკის ისტორიული სამიტის (2023 წ.) რეფორმატორული მიღწევები წარმოადგენენ იმ მნიშვნელოვან მემკვიდრეობას რაც ევროპის საბჭოს დარჩება მარია პეიჩინოვიჩ-ბურიჩის მანდატის შედეგად.