ევროსაბჭოში საქართველოს ელჩმა, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ, საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა
საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, ქალთა მიმართა ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) პრეზიდენტს მიმართა და ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საქართველოს მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრა.
თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტულ მიმართულებად რჩება ქვეყანაში გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა, ქალთა უფლებების დაცვა და ოჯახში ძალადობის აღმოფხვრა. მან ხაზგასმით აღნიშნა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგია (2022-2030 წწ.) და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, სადაც ცალკე თავი სწორედ გენდერულ თანასწორობასა და ოჯახში ძალადობისგან ქალთა დაცვას ეთმობა. მისი თქმით, საქართველო ათ წელზე მეტია ახორციელებს ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვის მიმართულებით დამოუკიდებელ სამოქმედო გეგმას.
ელჩმა აგრეთვე აღნიშნა ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები, მათ შორის ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის შედეგად დაზარალებულისთვის კომპენსაციის შემოღება, „მსხვერპლის სტატუსის” აღმოფხვრა და ეროვნული რეფერალური მექანიზმის შემოღება, რაც თავისმხრივ, უზრუნველყოფს შესაბამის უწყებათა შორის სწრაფ, კოორდინირებულ და ეფექტიან კომუნიკაციას.
თამარ ტალიაშვილმა აღნიშნა საერთაშორისო რეკომენდაციების, მათ შორის ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტის, GREVIO-სა და ქალთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრის (CEDAW) კომიტეტის რეკომენდაციების შესრულების მიზნით, 2023 წელს, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ შექმნილი სამუშაო ჯგუფის საქმიანობა და ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობის მიერ, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN WOMEN) და არასამთავრობო სექტორის ჩართულობით, შემუშავებულ ერთობლივი სამოქმედო გეგმის პროექტზე, რომელიც მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციას.