ევროპის აუდიოვიზუალურ ობსერვატორიის თავმჯდომარეობა საქართველომ ჩაიბარა
ევროსაბჭოში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით 2024 წელს ევროპის აუდიოვიზუალური ობსერვატორიის საქართველოს თავმჯდომარეობა ქ. სტრასბურგში კულტურულ-შემოქმედებითი ღონისძიებით აღნიშნეს. გაიმართა მასშტაბური მიღება, რომელსაც 150-ზე მეტი სტუმარი ესწრებოდა, ევროპის 46 ქვეყნიდან, მათ შორის დიპლომატიური კორპუსი, ავტორები, დარგის მკვლევარები და ჟურნალისტები.
მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა, საქართველოს კომუნიკაციების კომისიის წარმომადგენელმა ივანე მახარაძემ და ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის აღმასულებელმა დირექტორმა სუზან ნიკოლტჩევმა. ღონისძიების ფარგლებში შედგა ორი ახალი პროექტის პრეზენტაცია.
ობსერვატორიის თავმჯდომარეობის ფარგლებში იგეგმება საქართველოს თემატიკაზე ფოკუსირება, კულტურის, კერძოდ, აუდიოვიზუალური, მედია და კინემატოგრაფიის, ასევე, მომიჯნავე სფეროებში მიღწევების წარმოჩენა და გაზიარება. საპატიო მიღებისთვის თბილისიდან მოწვეული იქნა ქართველი პიანისტი, გიგი ჭიპაშვილი (პიანომენი), რომელმაც გია ყანჩელისა და რევაზ ლაღიძის კინომუსიკა შეასრულა. საღამო ვიზუალურად გაფორმდა ტურიზმის ეროვნული სააგენტოს მიერ საქართველოს შესახებ მომზადებული ვიდეო-რგოლების პროექციით, რომელიც ქ. სტრასბურგში მდებარე ისტორიული შენობის, ვილა შუტცენბერგერის კედლებზე უწყვეტ რეჟიმში გადიოდა. მიღებაზე სტუმრებმა დააგემოვნეს ქართული ღვინო და კულინარიული კერძები.
საქართველო 2014 წლიდან გახლავთ ევროპული აუდიოვიზუალური ობსერვატორიის წევრი ქვეყანა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის ჩართულობით.