საქართველო აღნიშნავს ევროპის საბჭოს წევრობის 25 წლის იუბილეს
წელს, საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობის 25 წელი აღინიშნება. საქართველო-ევროსაბჭოს ურთიერთობების შესახებ ქართული საზოგადოების უკეთ ინფორმირების მიზნით, შეიქმნა და გავრცელდა ევროსაბჭოში საქართველოს ელჩის, თამარ ტალიაშვილის მიმართვა, სადაც იგი საუბრობს აღნიშნული თანამშრომლობის მნიშვნელობასა და საქართველოს წვლილზე ევროსაბჭოს საქმიანობაში.
„საქართველო და ევროპის საბჭო ურთიერთმხარდაჭერით ვითარდებიან“ - ამ სლოგანით ეხმიანება ევროსაბჭო საქართველოსთან წარმატებული თანამშრომლობის 25 წელს, ინგლისურ ენაზე (ქართული სუბტიტრებით) შექმნილი ვიდეო-რგოლით, სადაც ელჩი თამარ ტალიაშვილი საუბრობს ევროპის საბჭოს წევრობის მანძილზე საქართველოს მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან შედეგებზე.
1999 წლის 27 აპრილიდან დღემდე, საქართველომ ისტორიული გზა განვლო ფუნდამენტური ევროპული ღირებულებების - დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის განსამტკიცებლად. საქართველო-ევროსაბჭოს 25 წლიანი წარმატებული თანამშრომლობა ეფუძნება ორგანიზაციის ქვაკუთხედის - ადამიანი უფლებების ევროპული კონვენციის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე აღსრულებას.
უაღრესად მნიშვნელოვანია, ევროსაბჭოსა და მისი 45 წევრი ქვეყნის მტკიცე და განუხრელი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, რაც მკაფიოდ იქნა ასახული შარშანდელი ისტორიული სამიტის, ე.წ. „რეიკიავიკის დეკლარაციაში“.
საქართველო, თავის მხრივ, წარმოადგენს ევროსაბჭოს ერთგულ პარტნიორს, რომელსაც მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ორგანიზაციის საქმიანობაში, ამ კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ევროსაბჭოს საქართველოს მიერ თავმჯდომარეობის პერიოდი.