2023 წლის 14 თებერვალს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან, რომელთა ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 27-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობის შესახებ.
შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუსეთის პროვოკაციული და უკანონო ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას.
ქართულმა მხარემ ყურადღება გაამახვილა ადამიანის უფლებების დარღვევის კონკრეტულ ფაქტებზე, რასაც ადგილი ჰქონდა ბოლო პერიოდში. ქართულმა მხარემ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკაზე, აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობა, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და ერგნეთის IPRM-ის შეუფერხებლად და რეგულარულად ფუნქციონირების მნიშვნელობას.
ლაშა დარსალიამ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად ყოფნის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას.
ევროპის საბჭოს დელეგაცია, ვიზიტის ფარგლებში შეხვედრებს გამართავს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრთან; ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან; სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან და საქართველოს სახალხო დამცველის აპარატთან. ვიზიტის ფარგლებში, ევროპის საბჭოს დელეგაცია ასევე ეწვევა საოკუპაციო ხაზს.