საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ხათუნა თოთლაძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან

2022 წლის 20 სექტემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ  შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს დელეგაციის წევრებთან, რომელთა ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით მძიმე მდგომარეობის შესახებ. მინისტრის მოადგილემ განსაკუთრებით გაამახვილა ყურადღება რეგიონში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე. აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ სრულმასშტაბიანი აგრესია საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ შავი ზღვის რეგიონს, არამედ მთლიანად ევროპულ უსაფრთხოებას.

 

შეხვედრაზე განხილულ იქნა ოკუპირებულ რეგიონებსა და საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს, რუსეთის პროვოკაციული და უკანონო ქმედებები, რომლებიც კიდევ უფრო ამძიმებს ადგილზე არსებულ ვითარებას.

ქართულმა მხარემ ისაუბრა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების დინამიკაზე, აღინიშნა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ეფექტიანი ფუნქციონირების მნიშვნელობა, რათა მიღწეულ იქნას პროგრესი დღის წესრიგის მთავარ საკითხებზე - როგორიცაა  რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება, აგრეთვე იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნება.

შეხვედრაზე ასევე ხაზი გაესვა გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) შეხვედრების ყოველგვარი წინაპირობების გარეშე აღდგენის და ერგნეთის IPRM-ის შეუფერხებლად და რეგულარულად ფუნქციონირების მნიშვნელობას. 
ქართულმა მხარემ ისაუბრა საქართველოს მთავრობის სამშვიდობო პოლიტიკაზე და აქვე ხაზი გაესვა, საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიმართულებით ერთობლივი ძალისხმევის მნიშვნელობას. მინისტრის მოადგილემ ისაუბრა ადგილზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების შეუფერხებელი წვდომის აუცილებლობაზე.

 

ხათუნა თოთლაძემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად ყოფნის მნიშვნელობაზე და ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშებს.