Accessibility
Contrast
Saturation
Highlight Links
Cursor
Disable animations
Text Reader
To use the text reader on the site, download the program.
world

ინფორმაცია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიშის "კონფლიქტი საქართველოში" განხილვის შესახებ

2024 წლის 24 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე განხილულ იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“. სხდომაში მონაწილეობა მიიღო საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ.

გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიში აღწერს 2023 წლის ოქტომბრიდან 2024 წლის მარტის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში და საოკუპაციო ხაზის გასწვრივ უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მდგომარეობას. 

მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე კონსოლიდირებული ანგარიშის განხილვისას, გენერალურმა მდივანმა მწუხარება გამოთქვა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით. იგი მიესალმა საქართველოს სამშვიდობო პოლიტიკას კონფლიქტის მოგვარების კონტექსტში. მარია ბურიჩმა აღნიშნა, რომ ევროპის საბჭო თავისი მანდატის ფარგლებში გააგრძელებს საქმიანობას, მათ შორის კონსოლიდირებული ანგარიშების მიღების პრაქტიკას.

სხდომის მონაწილეებს სიტყვით მიმართა საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ. მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ანგარიშის მიღებისა და საქართველოს საკითხის ევროპის საბჭოს დღის წესრიგში შენარჩუნებისთვის. მინისტრის პირველმა მოადგილემ მიმოიხილა ადგილზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე, ასევე,  რუსეთის მიერ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ 2008 წლის 12 აგვისტოს შეთანხმების დარღვევასა და რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეფექტური კონტროლის გაძლიერებაზე. მან ხაზგასმით აღნიშნა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ადასტურებს საქართველოს ტერიტორიების რუსეთის მიერ ოკუპაციას და ეფექტურ კონტროლს. ლაშა დარსალიამ ხაზი გაუსვა საქართველოს მთავრობის მიერ კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკისადმი ერთგულებას. სხდომის დასასრულს, მან მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირის დელეგაციას სხდომაზე გამოთქმული მხარდამჭერი განცხადებებისთვის.
    
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებულ ანგარიშს და ხაზს უსვამს აღნიშნული საკითხის ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში შენარჩუნების მნიშვნელობას.

 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 29-ე კონსოლიდირებული ანგარიშის "კონფლიქტი საქართველოში":

Consolidated report on the conflict in Georgia

ევროკავშირის განცხადება:

1496th Meeting of the Committee of Ministers (24 April 2024) - EU Statement on the Secretary General's 29th consolidated report on the conflict in Georgia