საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2024-2027 წლების ახალ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებულ მიღებას, რომელიც საქართველოს საელჩოში გაიმართა, ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილე ბიორნ ბერგე და ევროპის საბჭოში აკრედიტირებული დელეგაციების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. სტუმრებს ასევე სიტყვით მიმართეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ და
ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის დირექტორმა კლაუს ნეუკირჩმა.
საქართველოს ელჩმა თამარ ტალიაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმის ფარგლებში შესრულებული პროექტების და მიღწეული შედეგების დიდ მნიშვნელობას.
ელჩმა აღნიშნა, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს ახალი 2024-2027 სამოქმედო გეგმა, რომელიც საქართველოს მთავრობასა და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისს შორის მჭიდრო და ეფექტური თანამშრომლობის შედეგად მუშავდება, წარმოადგენს ღირებულ ინსტრუმენტს, რომელიც ხელს შეუწყობს და საქართველოს კიდევ უფრო მეტად დაახლოებას ევროპულ სტანდარტებთან ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით.
თამარ ტალიაშვილმა განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა იმ სახელმწიფოების წარმომადგენლებს, რომლებმაც ნებაყოფლობითი შენატანების სახით, თავიანთი ფინანსური წვლილი შეიტანეს 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების დაფინანსებაში. საქართველოს ელჩმა იმედი გამოთქვა, რომ ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოები, ნებაყოფლობითი შენატანების სახით, კვლავ მხარს დაუჭერენ 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტების განხორციელებას.
ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ ბიორნ ბერგემ მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს გამართული მიღებისთვის და განაცხადა, რომ საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა, საქართველოსა და ევროპის საბჭოს შორის წარმატებული და ნაყოფიერი თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია. გენერალური მდივნის მოადგილემ, ასევე ხაზი გაუსვა საქართველოს პროგრესს დემოკრატიული რეფორმების განხორციელების კუთხით.
საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა ნატალია ვუტოვამ 2020-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტები მიმოიხილა და უკვე მიღწეულ შედეგებზე ისაუბრა. მან ასევე ხაზი გაუსვა ქართულ მხარესთან ოფისის მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას 2024-2027 წლების სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესში.
ევროპის საბჭოს პროგრამების კოორდინაციის დირექტორატის დირექტორი კლაუს ნეუკირჩმა ასევე ხაზი გაუსვა სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებული პროექტების განხორციელების აუცილებლობას და დიდ მნიშვნელობას, როგორც საქართველოსთვის, ასევე თავად ორგანიზაციისთვის.