საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

თამარ ტალიაშვილმა ევროპის საბჭოში ევროკავშირის ელჩთან ვესნა ბატისტიკ კოსთან შეხვედრა გამართა.


შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა ევროკავშირის ელჩს მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს ფორმატებში ევროკავშირის მიერ საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერისთვის. აღნიშნულთან დაკავშირებით, მან განსაკუთრებით ყურადღება გაამახვილა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 26-ე კონსოლიდირებული ანგარიშის „კონფლიქტი საქართველოში“, ევროკავშირის მიერ გაკეთებულ უპრეცენდენტოდ ძლიერ საქართველოს მხარდამჭერ განცხადებაზე. თამარ ტალიაშვილმა ევროკავშირის ელჩს ასევე მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე ვითარებაზე.
შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა ვესნა ბატისტიკ კოს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწეულ პროგრესზე და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გეგმის მიმდინარეობაზე. შეხვედრაზე საქართველოს ელჩმა ასევე ხაზი გაუსვა საქართველოსა და ევროკავშირს შორის ხელმოწერილი ასოცირების ხელშეკრულების შესრულების კუთხით არსებულ პროგრესს.
შეხვედრაზე თამარ ტალიაშვილმა განსაკუთრებულად ხაზი გაუსვა ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტის მნიშვნელობას და დასძინა, რომ აღნიშნული პროექტით გაიზრდება ტრანზიტისა და ვაჭრობის შესაძლებლობა ევროკავშირსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონს შორის.
თამარ ტალიაშვილთან შეხვედრას ევროკავშირის ელჩი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა. მან მადლობა გადაუხადა საქართველოს ელჩს შესანიშნავი და საინტერესო შეხვედრისთვის და გამოთქვა მზაობა მომავალი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის.