საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალი

20 მაისს, ტურინში გაიმართა ევროპის საბჭოს 132-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ხელმძღვანელობით.

მინისტერიალზე დიდი ყურადღება დაეთმო უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის საპასუხოდ ევროპის საბჭოს მხრიდან განხორციელებული ქმედებების განხილვას. მიღებულ იქნა პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომლითაც ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა უმკაცრესად დაგმეს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესია და მოუწოდეს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია, სრულად და უპირობოდ გაიყვანოს საოკუპაციო ძალები უკრაინის ტერიტორიიდან და გაათავისუფლოს ყველა დატყვევებული პირი. აღნიშნულ გადაწყვეტილებაში კიდევ ერთხელ გაკეთდა აქცენტი ევროპის საბჭოდან რუსეთის გარიცხვაზე და აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია ეწინააღმდეგება ევროპის საბჭოს საერთო იდეალებსა და პრინციპებს და საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
მინისტერიალის დღის წესრიგის ერთ-ერთი საკითხის - „ევროპის საბჭოს როლი ევროპაში არსებულ კრიზისებთან და კონფლიქტებთან დაკავშირებით“ ფარგლებში განიხილეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებული მდგომარეობა.  
მინისტერიალის ფარგლებში ცნობად იქნა მიღებული ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ ჩატარებული სამუშაოები ევროპაში არსებულ კონფლიქტებთან დაკავშირებით, მათ შორის, გენერალური მდივნის 25-ე კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ეხება 2021 წლის ოქტომბრიდან 2022 წლის მარტის ჩათვლით რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებას. ასევე, მინისტერიალის დღის წესრიგში ხაზგასმულია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ მიმდინარე წლის 4 მაისს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება - „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, რომელიც ერთმნიშვნელოვნად განსაზღვრავს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში არსებულ უმძიმეს მდგომარეობაზე რუსეთის პასუხისმგებლობას, როგორც ქვეყნისა, რომელიც ახორციელებს ეფექტურ კონტროლს მის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე.
ამასთანავე, მინისტერიალის ფარგლებში განიხილეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის წლიური ანგარიში და მინისტრთა კომიტეტის პრიორიტეტების შესაბამისად, გენერალური მდივნის მიერ შემუშავებული ევროპის საბჭოს რეფორმების ანგარიში. აღსანიშნავია, რომ მინისტერიალის ფარგლებში, ყურადღება ასევე დაეთმო ევროპის საბჭოს დღის წესრიგში არსებულ სხვა აქტუალურ საკითხებს, მათ შორის, ადამიანის უფლებებისა და გარემოს დაცვის ურთიერთკავშირს, რაც მინისტრთა კომიტეტში საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტს წარმოადგენდა.
მინისტერიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი. მან აღნიშნა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიამ კიდევ ერთხელ, დაარღვია საერთაშორისო სამართალი, რაც სერიოზულ გამოწვევას უქმნის ევროპის უსაფრთხოების მთელ არქიტექტურას. მინისტრმა რუსეთს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს აგრესია და გაიყვანოს თავისი ძალები და შეიარაღება უკრაინის მთელი ტერიტორიიდან. ილია დარჩიაშვილმა კიდევ ერთხელ გამოხატა სრული სოლიდარობა და მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში, ყირიმისა და დონბასის ჩათვლით. აქვე მან საქართველოს მიერ უკრაინისათვის გამოყოფილი დახმარების თაობაზე ისაუბრა.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ საერთაშორისო სამართლის დარღვევა უკვე დიდი ხანია არის რუსეთის აგრესიული პოლიტიკის ნაწილი. მან განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობაზე, რომელიც თანდათან კიდევ უფრო მძიმდება. აქვე ყურადღება გამახვილდა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელმაც დაადასტურა რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონებზე - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებზე ეფექტური კონტროლი და ოკუპაცია და იქ მიმდინარე ადამიანის უფლებათა დარღვევებზე რუსეთის პასუხისმგებლობა. აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში საგანგაშო ვითარება მიუთითებს საერთაშორისო თანამეგობრობის მტკიცე მხარდაჭერის აუცილებლობაზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას რუსეთის მიერ  მისი საერთაშორისო ვალდებულებების, მათ შორის ევროკავშირის შუამდგომლობით დადებული 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების შესრულება.
აღსანიშნავია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა 6 თვის ვადით იტალიიდან ირლანდიას გადაეცა.
საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის იტალიის თავმჯდომარეობას გაწეული ძალისხმევისათვის და მიესალმება ირლანდიის თავმჯდომარეობის მიერ წარმოდგენილ პრიორიტეტებს და სრულ მხარდაჭერას უცხადებს მათ განსახორციელებლად.