ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1305-ე სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხი

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1305- სხდომაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საკითხი

2018 წლის 31 იანვარი

2018 წლის 31 იანვარს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1305-ე სხდომაზე, საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებით ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა მიმართა მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს და მიაწოდა  ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის იმ ქმედებებზე, რაც მიმართულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიისაკენ.

კერძოდ, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა თავის გამოსვლაში დაგმო რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება, რომელიც 2018 წლის 24 იანვარს განხორციელდა. საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, აღნიშნული ქმედება რუსეთის ფედერაციის მხრიდან წარმოადგენს  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისაკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს.

აღნიშნულის შემდეგ, მინისტრთა კომიტეტს მიეწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ, ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნისა და სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნის შესახებ. ირაკლი გივიაშვილის განცხადებით, აღნიშნული ქმედებები მიზნად ისახავს ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების რუსეთის ერთიან საბაჟო სივრცეში ინტეგრირებას და წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ მორიგ უკანონო ნაბიჯს.

მუდმივი წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული პოლიტიკა ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებს, კერძოდ, გაერო-ს წესდებასა და ჰელსინკის დასკვნით აქტს, ისევე როგორც 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას.

მუდმივი წარმომადგენლის განხადებით, ყოველივე ზემოაღნიშნული საჭიროებს სწრაფ რეაგირებას საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან, რათა შეჩერდეს  საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსია რუსეთის ფედერაციის მხრიდან.

აღნიშნული გამოსვლის შემდეგ, ელჩებმა გააკეთეს საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები. პირველი გამოვიდა ევროკავშირის ელჩი ევროპის საბჭოში და ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს სახელით გააკეთა განცხადება. შემდეგ, გამოვიდნენ ევროპის საბჭოში სხვადასხვა ქვეყნის ელჩები, კერძოდ უკრაინის, პოლონეთის, ესტონეთის, გაერთიანებული სამეფოს, ლიტვის, საფრანგეთის, ფინეთის, ლატვიის, გერმანიის, ჩეხეთისა და მოლდოვას მუდმივი წარმომადგენლები. მათი განცხადებით, რუსეთის ფედერაციის ზემოაღნიშნული ქმედებები წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიების ფაქტობრივი ანექსიის მცდელობას და შესაბამისად, საჭიროებს მყისიერ და მკაცრ რეაქციას საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიდან. მათ ერთხმად დაგმეს რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის მიერ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის უკანონო სამხედრო დაჯგუფებების რუსეთის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში გაერთიანების თაობაზე ე.წ. შეთანხმების რატიფიცირება. მათ ასევე ცალსახად დაგმეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, კერძოდ ახალგორში რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საბაჟო პუნქტის გახსნა და სოხუმში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის ე.წ. სპეციალიზებული საბაჟო პოსტის შექმნა. ელჩებმა თავიანთ გამოსვლებში ხაზი გაუსვეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის ურყევ მხარდაჭერას და მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებები, მათ შორის, 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
        3
4 5 6 7 8 9 10
11 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28      

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ