ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილეს

08.11.2017 ქ. სტრასბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ დავით ზალკალიანმა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი რთული ვითარება მიმოიხილა. დავით ზალკალიანი სიტყვით გამოვიდა კომიტეტის 1299-ე სხდომაზე, სადაც გენერალური მდივნის ანგარიში „კონფლიქტი საქართველოში" განიხილეს.
დავით ზალკალიანმა საკუთარ გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციასა და ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯებზე, ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გამშვები პუნქტების დახურვისა და ასევე უკანონო დაკავების ფაქტებზე, სოხუმსა და ახალგორში საბაჟო პუნქტების გახსნაზე, ეთნიკური ქართველებისათვის ე.წ. ბინადრობის მოწმობის იძულებით გაცემაზე და სხვა.

განსაკუთრებით ხაზი გაესვა ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის პროცესს როგორც აფხაზეთის, ისე ცხინვალის რეგიონში. საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ ისაუბრა სოფელ ერედვში ქართველების კერძო საკუთრების განადგურების ფაქტებზე. მისი განცხადებით, აღნიშნული ფაქტები წარმოადგენენ იძულებით გადაადგილებულ პირთა უფლებების უხეშ დარღვევას და მიზნად ისახავენ ორივე რეგიონში ქართული კვალის ამოძირკვას.

დავით ზალკალიანმა ასევე ყურადღება გაამახვილა კიდევ ერთ მნიშვნელოვან პრობლემაზე, რომელიც ეხება მშობლიურ ენაზე სწავლების შეზღუდვას. მისივე განცხადებით, აღნიშნული პროცესი, აფხაზეთის რეგიონის მსგავსად, ასევე დაიწყო ცხინვალის რეგიონშიც.

მინისტრის პირველი მოადგილის თქმით, არსებული ვითარება საჭიროებს საერთაშორისო საზოგადოების დაუყოვნებლივ რეაგირებას და ევროპის საბჭოს სადამკვირვებლო მექანიზმების ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლას. მან თავის გამოსვლაში ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ ნდობის აღდგენის მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე და ჩართულობის პოლიტიკაზე. ხაზი გაესვა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობას კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესში.

„კონფლიქტი საქართველოში" ანგარიშის განხილვისას განცხადებები გაკეთდა ევროკავშირის და სუამის სახელით. ევროკავშირი განცხადებაში მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას მოხსნას ნებისმიერ სახის დაბრკოლება, აკრძალვა ან შეზღუდვა ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ გადაადგილების თავისუფლებაზე, შეწყვიტოს ადამიანების უკანონო დაკავება, მათ შორის ე.წ. „საზღვრის უკანონო გადაკვეთის" კონტექსტში, აღკვეთოს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია, ხელახლა გახსნას „გამშვები პუნქტები" და გამოიძიოს ყველა უკანონო მოპყრობა, რაც არღვევს ადამიანის უფლებებს. განცხადებაში დაგმობილია რუსეთის ფედერაციის, როგორც ეფექტიანი კონტროლის განმახორციელებელი ხელისუფლების მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში განხორციელებული ქმედებები, რომლებიც არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს. ევროკავშირი მწუხარებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ მიუხედავად საერთაშორისო თანამეგობრობის მუდმივი მოწოდებებისა, ადგილზე სიტუაცია უფრო მეტად უარესდება. ევროკავშირის აღნიშნულ განცხადებას მიუერთდნენ ალბანეთი, ანდორა, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, ისლანდია, ლიხტენშტეინი, მოლდოვა, მონაკო, მაკედონია, მონტენეგრო, ნორვეგია, სან მარინო.

ანგარიშის განხილვისას ასევე სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მუდმივი წარომადგენლები, რომელთაც დაგმეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის უკანონო ქმედებები და ყურადღება გაამახვილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობაზე. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას უზრუნველყოს ევროპის საბჭოს შესაბამისი ორგანოების შესვლა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებში, ასევე შეწყვიტოს ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაცია და უზრუნველყოს მშობლიურ ენაზე სწავლების შესაძლებლობა.

ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ დადებითად შეფასდა საქართველოს ხელისუფლების კონსტრუქციული მიდგომა კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესისადმი. ასევე მხარდაჭერილ იქნა საქართველოს ხელისუფლების სამშვიდობო ინიციატივები. წევრი ქვეყნების დელეგაციებმა გამოხატეს მხარდაჭერა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატისადმი.

ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასეს გენერალური მდივნის ანგარიში და მხარი დაუჭირეს კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას. გამომსვლელთაგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა ეჭვქვეშ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების საჭიროება.

კომიტეტის სხდომაზე დელეგაციებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოში მიმდინარე წლის ოქტომბერში ჩატარებული ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები, როგორც დემოკრატიული პროცესის კონსოლიდაციის გამტკიცებისკენ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი და ასევე, აღნიშნეს ვენეციის კომისიის პოზიტიური შეფასებები საკონსტიტუციო რეფორმასთან დაკავშირებით.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-16 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში" მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-16 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში" მოიცავს პერიოდს 2017 წლის აპრილიდან 2017 წლის სექტემბრის ჩათვლით.

კონსოლიდირებული ანგარიში მზადდება წელიწადში ორჯერ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ, ანგარიშს საფუძვლად უდევს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2010 წლის გადაწყვეტილება.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ