ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში

18.04.2017, სტრასბურგი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე სამუშაო ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. 2017 წლის 18 აპრილს დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოსთან ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან. შეხვედრის ფარგლებში სხვა საკითხებთან ერთად განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა საქათველოს ოკუპირებულ რეგიონებში შექმნილ მდგომარეობაზე.

ქართულმა მხარემ გამოთქვა ღრმა შეშფოთება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარების გამო. კერძოდ მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მილიტარიზაციის, საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის და ადგილობრივი მოსახლეობის სხვა ფუნდამენტური უფლებების დარღვევის ფაქტებზე. რუსეთის მხრიდან გადადგმულ პროვოკაციულ ნაბიჯად შეფასდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარებული ე.წ. „არჩევნები“, ასევე ცხინვალის რეგიონისათვის სახელის გადარქმევის საკითხზე ჩატარებული რეფერენდუმი და რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი ოკუპირებულ სოხუმში. 

დავით ზალკალიანმა აღნიშნა საერთაშორისო საზოგადოების აქტიური ჩართულობის მნიშვნელობა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მოგვარების, ასევე რუსეთის მხრიდან საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების უზრუნველყოფის პროცესში. ამ მხრივ ხაზი გაესვა ევროპის საბჭოსთან თანამშრომლობას და ორგანიზაციის  მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების შესახებ ყოველწლიური ანგარიშის მომზადების პრაქტიკას. 

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებთან შეხვედრისას მინისტრის პირველი მოადგილე ასევე შეეხო საქართველოს ევროპული ინტეგრაციის პროცესს. მუდმივმა წარმომადგენლებმა მიულოცეს საქართველოს ევროკავშირის სივრცეში უვიზო მიმოსვლის ამოქმედება, რაც მნიშვნელოვან წარმატებად შეფასდა. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობას და  ევროკავშირის როლს კონფლიქტის მშვიდობიანი დარეგულირების პროცესსა და უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. 

შეხვედრაზე ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა გამოხატეს სრული მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი და კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი  ევროპის საბჭოში საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხების რეგულარული განხილვის მნიშვნელობას. 

სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია დავით ზალკალიანის შეხვედრები ევროპის საბჭოს წარმომადგენლებთან. მ.წ. 19 აპრილს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დაესწრება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-15 ანგარიშის " კონფლიქტი საქართველოში" განხილვას და სიტყვით მიმართავს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31        

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ