ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
დავით დონდუა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს შეხვდა

21.02.2017 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუა შეხვდა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს, ამავე დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპს და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელს კრისტიან ურსეს. 

ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.

შეხვედრაზე ქართულმა მხარემ დეტალურად ისაუბრა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებულ რთულ ვითარებაზე. ხაზი გაესვა, რომ სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება კიდევ ორი ე.წ. გადასასვლელი პუნქტის დახურვის თაობაზე კიდევ უფრო გაართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ისედაც მძიმე მდგომარეობას. აქცენტი გაკეთდა უკანონო დაკავებების პრაქტიკის გაგრძელებაზე, თავისუფალი გადაადგილების უფლების შეზღუდვასა და აფხაზეთის რეგიონში ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შედეგებზე.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილებას ცხინვალის რეგიონისათვის სახელის შეცვლასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარების თაობაზე. ქართულმა მხარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ აღნიშნული წარმოადგენს რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიის მორიგ აქტს და ანექსიისათვის საფუძველის მომზადებას, რაც სრულად უგულებელყოფს სუვერენული სახელმწიფოების ტერიტორიული მთლიანობისა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის ფუნდამენტურ პრინციპებს.   

მინისტრის მოადგილემ ევროპის საბჭოს წარმომადგენლებს ინფორმაცია მიაწოდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მიმდინარეობასა და 38-ე რაუნდის შედეგებზე.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის მექანიზმების მნიშვნელობაზე.  

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ