ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
მიხეილ ჯანელიძე ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს ტორბიორნ იაგლანდს შეხვდა

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანთან ტორბიორნ იაგლანდთან, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. 

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოსა და ევროპის საბჭოს თანამშრომლობის საკითხები. ქართულმა მხარემ გენერალურ მდივანს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებათა მდგომარეობის კუთხით არსებული რთული ვითარების შესახებ. ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების მდგომარეობის მონიტორინგის მნიშვნელობაზე.

ტორბიორნ იაგლანდმა კიდევ ერთხელ  ხაზი გაუსვა ევროპის საბჭოს უპირობო მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. მან ასევე დაადასტურა, რომ საქართველოს საკითხი მუდმივად იქნება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში და გაგრძელდება საქართველოში კონფლიქტის შესახებ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენა.

მხარეებმა ასევე განიხილეს 2016-2019 წლების ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმა საქართველოსთვის, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში სამართლის უზენაესობის განმტკიცებას, ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფას და ომით დაშორიშორებულ მოსახლეობას შორის ნდობის აღდგენის პროცესის ეფექტურ განხორციელებას. 

შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო საქართველოს მიერ ბოლო წლების განმავლობაში გატარებულ და მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, აღინიშნა ქვეყნის წარმატებები ამ მიმართულებით. მხარეებმა ასევე ისაუბრეს 2016 წელს საქართველოში გამართულ საპარლამენტო არჩევნებზე, რაც დადებითად იქნა შეფასებული ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ, ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა პატივი მიაგო საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა ხსოვნას და გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.

ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის  შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, ასევე საქართველოს აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 9 10 11
12 13 14 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31  

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ