ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019 წლების სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია გაიმართა

14.12.2016 თბილისი - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს 2016-2019წწ. სამოქმედო გეგმის პროექტების პრეზენტაცია. სამოქმედო გეგმა მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2016-2019 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობის გზით ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და სამართლის უზენაესობის მიმართულებით არსებული რეფორმების ხელშეწყობა. 

ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის დაფინანსება ძირითადად ხორციელდება ევროპის საბჭოსა და ევროკავშირის მიერ. თუმცა, ევროპის საბჭო იღებს ნებაყოფლობით შემოწირულობებს წევრი, დამკვირვებელი და არა-წევრი სახელმწიფოებისგან, საერთაშორისო ორგანიზაციებისგან, ფონდებისგან, კერძო სექტორისგან და ინდივიდებისგან. შესაბამისად, შეხვედრის მიზანს წარმოადგენდა პროექტების განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების მოძიება.

საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, პროექტების განხორციელებაში ჩართული სამინისტროებისა და ინსტიტუტების ხელმძღვანელი პირები და ევროპის საბჭოს ოფისი საქართველოში.

შეხვედრაზე დამსწრე პირებს სიტყვით მიმართეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, დავით ზალკალიანმა და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ.

ღონისძიება გაგრძელდა სამუშაო ფორმატში, რომლის ფარგლებშიც განხილულ იქნა 2016-19 წწ. სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტები. ამ ეტაპზე დასაფინანსებლად წარმოდგენილი პროექტების პრეზენტაცია გააკეთეს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის წარმომადგენლებმა. ევროპის საბჭოსთან ნაყოფიერი თანამშრომლობის შედეგად მიღწეულ წარმატებაზე და სამოქმედო გეგმის ფარგლებში არსებულ პრიორიტეტებზე გაამახვილეს ყურადღება საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ, ზვიად მიხანაშვილმა; სახალხო დამცველის მოადგილემ, ეკატერინე სხილაძემ; შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის რექტორმა, გივი მიქანაძემ; პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორმა,თამარ ქალდანმა და ა.შ.

სამუშაო შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა რეფორმების განხორციელების კუთხით აქტიური თანამშრომლობა გააგრძონ ევროპის საბჭოსთან.

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 9 10 11
12 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30    

დიასპორის სტრატეგია

 

 

საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში

 

 

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ