ვებ-გვერდი მუშაობს განახლების რეჟიმში
 
ინფორმაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1255-ე სხდომაზე საქართველოს საკითხზე მიღებული გადაწყვეტილების შესახებ

2016 წლის 4 მაისს გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1255-ე სხდომა. დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა აბსოლუტური უმრავლესობით მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილებას საფუძვლად დაედო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 2014 წლის 29 აპრილისა და 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილებები, რომლებშიც ხაზგასმულია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

გადაწყვეტილებაში ყურადღება გამახვილებულია რუსეთის ფედერაციის პასუხისგებლობაზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით, როგორც სახელმწიფოსი, რომელიც ახორციელებს ფაქტობრივ კონტროლს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. მასში ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა: 

  • უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება;
  • შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად;
  • მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება ან შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება;
  • დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან;
  • გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე.   

 

გადაწყვეტილებაში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი გამოხატავს წუხილს, რომ მიუხედავად რუსეთის ფედერაციის მიმართ მუდმივი მოწოდებებისა, ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზების გასწვრივ გააუქმოს ხელოვნური დაბრკოლებების აღმართვის პროცესი, ის განაგრძობს ამ პროცესს სხვადასხვა საშუალებებით, მათ შორის, ახალი სადემარკაციო ნიშნების აღმართვით.

გადაწყვეტილებაში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მიესალმება საქართველოს მთავრობის ინიციატივებს საქართველოს რეგიონებში - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი, კერძოდ, ყურადღებას ამახვილებს საქართველოს მთავრობის ძალისხმევასთან დაკავშირებით ამ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფასო სამედიცინო მომსახურების შესახებ. 

გადაწყვეტილებაში მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, ხელი შეუწყოს და უზრუნველყოს ევროპის საბჭოს მოქმედი ორგანოების შეუზღუდავი შესვლა საქართველოს ხელისუფლების ფაქტობრივი კონტროლის მიღმა დარჩენილ ტერიტორიებზე. 

გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი - მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ განხორციელებული ნაბიჯები, განსაკუთრებით ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის/ინტეგრაციის შესახებ ე.წ.  ხელშეკრულებების დადება ძირს უთხრის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გამყარებისკენ მიმართულ ძალისხმევას, აშკარად არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. შესაბამისად, მინისტრთა მოადგილეების კომიტეტი მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეაჩეროს და გააუქმოს ეს პროცესი და დაემორჩილოს საერთაშორისო სამართლის ვალდებულებებს, მათ შორის 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და მის 2008 წლის 8 სექტემბრის საიმპლემენტაციო ღონისძიებებს. 

საყურადღებოა, რომ კომიტეტის ეს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. საქართველო არა მხოლოდ რჩება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში, არამედ იზრდება მის მიმართ ინტერესი, რისი დასტურიც არის ის, რომ ბოლო წლების განმავლობაში ევროპის საბჭო მზარდ ყურადღებას უთმობს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას (იხ. 2014, 2015 და 2016 წლების გადაწყვეტილებები).

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას საქართველოში კონფლიქტთან დაკავშირებით და მადლობას უხდის ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მხარდაჭერისათვის.

 

 
 
კვ ორ სა ოთ ხუ პა შა
      1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 23 24 25
26 27 28        

 
საავტორო უფლებები დაცულია © 2005-2009 | საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო
დამზდებულია ITDC–ის მიერ