საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა გენერალური მდივნის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში" განიხილა

2016 წლის 27 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1254-ე სხდომაზე განხილული იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში". ანგარიში მოიცავს პერიოდს 2015 წლის ოქტომბრიდან 2016 წლის მარტის ჩათვლით.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს და ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. ანგარიშში, სხვა საკითხებთან ერთად, გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ მდგომარეობაზე. აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთ გამოსვლებში შეშფოთება გამოთქვეს როგორც საქართველოს დელეგაციამ, ისე ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციებმა.

გენერალური მდივნის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიშის ირგვლივ გამართულ დებატებზე ორგანიზაციის წევრმა ქვეყნებმა დადებითად შეაფასეს აღნიშნული დოკუმენტი და მხარი დაუჭირეს კონსოლიდირებული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას. გამომსვლელთაგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა ეჭვქვეშ გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების ეფექტიანობა.

სხდომაზე საქართველოს დელეგაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, მათ შორის, ამ ტერიტორიებზე ევროპის საბჭოს მონიტორინგის მექანიზმების შესვლის აუცილებლობაზე. ქართულმა მხარემ შეშფოთება გამოთქვა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის შედეგად საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა, მათ შორის თავისუფალი გადაადგილების, საკუთრების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლებათა დარღვევების გამო. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოუწოდა ევროპის საბჭოს, გადადგას შესაბამისი ნაბიჯები საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების საპასუხოდ.

სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვს პუნქტიანი შეთანხმება, ასევე უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში და აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება. ევროკავშირმა დაგმო რუსეთის ფედერაციასა  და საქართველოს რეგიონებს შორის ე.წ. ხელშეკრულებების განხორციელება, ასევე შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობასთან და ე.წ. „ბორდერიზაციის" პროცესთან დაკავშირებით. ამასთანავე, ევროკავშირმა დაგმო ცხინვალის რეგიონში დაგეგმილი რეფერენდუმი რუსეთის ფედერაციასთან მიერთების საკითხზე და აღნიშნა, რომ თუ რეფერენდუმი ჩატარდება, ეს იქნება საერთაშორისო სამართლის დარღვევა და ნაბიჯი სიტუაციის ესკალაციისაკენ. განცხადებაში ხაზი გაესვა საქართველოს რეგიონებში დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. აღნიშნულ განცხადებას ასევე მიუერთდნენ ნორვეგია, უკრაინა, ალბანეთი, ანდორა, ლიხტენშტეინი, მონაკო, სან მარინო, მოლდოვას რესპუბლიკა, მონტენეგრო, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, თურქეთი და საქართველო.

სხდომაზე სუამ-ის წევრი ქვეყნების სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც მათ მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ აღნიშნული ანგარიშების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. სუამ-ის წევრი ქვეყნების დელეგაციებმა შეშფოთება გამოხატეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით შექმნილი მძიმე მდგომარეობისა და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესთან დაკავშირებით. განცხადებაში რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს რეგიონებს შორის ხელმოწერილი ე.წ. ხელშეკრულებები სუამ-ის წევრმა სახელმწიფოებმა შეაფასეს, როგორც საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმართული ქმედება და საქართველოს ოკუპირებული რეგიონების ფაქტობრივი ანექსიისკენ გადადგმული ნაბიჯი.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-13 კონსოლიდირებულ ანგარიშს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში“ მომავალშიც დარჩება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.