საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს მინისტერიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს

2016 წლის 18 მაისს, ქ. სოფიაში გაიმართა ევროპის საბჭოს 126-ე მინისტერიალი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, მიხეილ ჯანელიძის ხელმძღვანელობით. აღნიშნული მინისტერიალის შედეგად მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარეობა ექვსი თვის ვადით გადაეცა ესტონეთს.

ევროპის საბჭოს მინისტერიალის დღის წესრიგში სხვა პრიორიტეტულ საკითხებთან ერთად, ერთ-ერთი მთავარი თემა იყო დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამართლის უზენაესობის როლი კონფლიქტის გადაწყვეტის საკითხში. სხდომაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ ვითარებაზე, კერძოდ, რუსეთის ფედერაციის მიერ ამ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტებზე, მათ შორის ხაზი გაესვა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვას.

მინისტრი ასევე შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2016 წლის 4 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებას, რომელშიც ხაზგასმულია, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც ამ ტერიტორიებზე ფაქტობრივი კონტროლის მქონე და ადამიანის უფლებათა დაცვაზე პასუხისმგებელმა სახელმწიფომ, უნდა უზრუნველყოს ქართულ ენაზე განათლების მიღების უფლება; შექმნას პირობები იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნებისა და საკუთრების უფლების დასაცავად; მოხსნას ნებისმიერი სახის დაბრკოლება ან შეზღუდვა ადმინისტრაციულ საზღვარზე გადაადგილების თავისუფლების უზრუნველსაყოფად და თავიდან აიცილოს პირთა უკანონო დაკავება; დაიცვას ამ ტერიტორიებზე მცხოვრები პირები დისკრიმინაციული მოპყრობისაგან; გამოიძიოს ადამიანის უფლებათა დარღვევები ამ ტერიტორიებზე.

მინისტერიალზე საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა. გამოსვლებში, სხვა საკითხებთან ერთად, საგარეო უწყებების ხელმძღვანელებმა ისაუბრეს ევროპაში არსებული კონფლიქტების მოგვარების გადაუდებელ აუცილებლობაზე.

მინისტერიალზე გამოითქვა შეშფოთება რუსეთის დესტრუქციული ქმედებებისა და ანექსიური პოლიტიკის გამო, რაც მრავალი ქმედებით, მათ შორის  საოკუპაციო რეჟიმებთან ე.წ. ხელშეკრულებების გაფორმებით გამოიხატა. ასევე უარყოფითად შეფასდა ცხინვალის რეგიონის რუსეთის ფედერაციასთან მიერთების თაობაზე ე.წ. რეფერენდუმის გამართვის შესახებ გაკეთებული განცხადება. საკუთარ გამოსვლებში ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე. მათ მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას საერთაშორისო ვალდებულებების შესრულებისკენ და ხაზი გაუსვეს ოკუპირებულ რეგიონებში საზედამხედველო ორგანოების შესვლის აუცილებლობას.

შემაჯამებელ სიტყვაში ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებთა უფლებები უნდა იყოს სათანადო დონეზე დაცული. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა 2016 წლის 4 მაისს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების მნიშვნელობა. საკუთარ  გამოსვლაში მას ასევე ხაზი გაუსვა საოკუპაციო ხაზთან არსებულ რთულ ვითარებას, რომელიც დანიელ მიტოვმა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილემ გაბრიელა ბატაინი-დრაგონიმ საქართველოში ვიზიტისას მოინახულეს.

აღსანიშნავია, რომ მინისტერიალზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტზე ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-13 კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე.

გარდა ამისა, მინისტერიალზე ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა წარმოადგინა წლიური ანგარიში ევროპაში დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და კანონის უზენაესობის კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ახალმა თავმჯდომარე ქვეყანამ, ესტონეთმა წარადგინა მისი თავმჯდომარეობის პერიოდისთვის განსაზღვრული პრიორიტეტული საკითხები. ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე განიხილეს ევროპის საბჭოს როლი მიგრანტების კრიზისის საპასუხოდ.

ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ორმხრივი შეხვედრები გამართა ევროპის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდა ესტონეთის, თურქეთის, პორტუგალიის, ბოსნია-ჰერცოგოვინის,  მალტისა და კვიპროსის საგარეო საქმეთა მინისტრებს, ასევე ესტონეთის სამეფოს საგარეო საქმეთა სახელმწიფო მდივანს. შეხვედრებზე განხილული იქნა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატში არსებული თანამშრომლობის მნიშვნელოვანი საკითხები. მინისტრმა მადლობა გადაუხადა კოლეგებს საქართველოს მხარდაჭერისათვის, მათ შორის ევროპის საბჭოს ფორმატში.