საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს პედრო აგრამუნტს შეხვდა

2016 წლის 1 ივლისს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან, პედრო აგრამუნტთან.

საუბარი ძირითადად შეეხო საქართველოსა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას, საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებს, 2016 წლის ოქტომბერში დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებს და რეგიონში არსებულ ვითარებას.

მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტს კონსტრუქციული თანამშრომლობისათვის და საპარლამენტო ასამბლეის საქართველოზე თანა-მომხსენებლების აქტიური მუშაობისათვის.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით არსებულ ფაქტებზე. ამ კონტექსტში საუბარი შეეხო ხურჩაში, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტს და აღინიშნა, რომ დამნაშავე სათანადოდ უნდა დაისაჯოს.

პედრო აგრამუნტმა, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სახელით საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა გამოხატა. მან ასევე ხაზი გაუსვა რუსეთის ფედერაციის მიერ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მნიშვნელობას, მათ შორის საქართველოს ოკუპირებული  ტერიტორიების აღიარების უკან წაღებას.