საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოში გენერალური მდივნის ანგარიშს „კონფლიქტი საქართველოში“ განიხილავენ

19.04.2017 - 2017 წლის 19 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1284-ე სხდომაზე განიხილება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-15 კონსოლიდირებული ანგარიში - "კონფლიქტი საქართველოში". 

ანგარიში მოიცავს პერიოდს 2016 წლის ოქტომბრიდან 2017 წლის მარტის ჩათვლით. ანგარიშის განხილვას დაესწრება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი. 

მე-15 კონსოლიდირებულ ანგარიშში გენერალური მდივანი ყურადღებას ამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ რთულ მდგომარეობაზე, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული კუთხით, აგრეთვე ეთნიკური ქართველებისთვის მშობლიურ ენაზე განათლების აკრძალვის შემდეგ აფხაზეთის რეგიონში შექმნილ მძიმე ვითარებასა და სხვა საკითხებზე.  

კონსოლიდირებული ანგარიშის წარდგენისას, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს სიტყვით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, დავით ზალკალიანი. თავის გამოსვლაში მინისტრის პირველი მოადგილე ყურადღებას გაამახვილებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და ბოლო პერიოდში რუსეთის საოკუპაციო ძალის მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებზე.