საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის შეხვედრაში

8 ნოემბერს, საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, ლაშა დარსალიამ მონაწილეობა მიიღო ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებზე მომუშავე ევროპის საბჭოს ექსპერტთა ჯგუფის (GREVIO) საქართველოში ვიზიტის (8-12 ნოემბერი) ფარგლებში გამართულ მრგვალ მაგიდაში.

შეხვედრისას მინისტრის პირველმა მოადგილემ ყურადღება გაამახვილა დევნილი, საოკუპაციო ხაზის  მიმდებარედ და ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები ქალების უფლებებზე. აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოზე განხორციელებული სამხედრო აგრესიის შედეგად ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარული, ადამიანის უფლებების და უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, რაც განსაკუთრებულ გავლენას ახდენს ქალების უფლებების განხორციელებაზე და აყენებს მათ ძალადობის გაზრდილი რისკის ქვეშ. მან ხაზი გაუსვა, რომ აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო მძიმეა, რადგან ოკუპირებული ტერიტორიები მიუწვდომელია საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციებისთვის.

შეხვედრისას GREVIO-ს ექსპერტებს, ასევე მიეწოდათ ინფორმაცია კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პოლიტიკის ფარგლებში „ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების“ (WPS) დღის წესრიგისა და „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმით“ ნაკისრი ვალდებულებების შესრულების მიზნით გადადგმული ნაბიჯების შესახებ.

ლაშა დარსალიამ კიდევ ერთხელ მოხატა საქართველოს მხარდაჭერა ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის (სტამბოლის კონვენცია) მიმართ, რომელიც ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლის საშუალებას იძლევა.