საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ხათუნა თოთლაძე ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, დანიილ ხოშაბოს შეხვდა

22 სექტემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ხათუნა თოთლაძემ  შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილესთან, დანიილ ხოშაბოსთან, ამავე დეპარტამენტის პოლიტიკურ მრჩეველთან, ჯონ დორბერთან და საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელთან, ნატალია ვუტოვასთან.

ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის 24-ე კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.
შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ევროპის საბჭოს დელეგაციას მიაწოდა ინფორმაცია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში უსაფრთხოების, ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შესახებ. მინისტრის მოადგილემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს მოქალაქეების უკანონო დატყვევების ფაქტებზე, რაც ახდენს ვითარების ესკალაციას და იწვევს ადგილზე არსებული მძიმე ვითარების გაუარესებას. შეხვედრაზე ქართულმა მხარემ კიდევ ერთხელ, ხაზი გაუსვა რუსეთის საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონოდ დაკავებულთა დაუყოვნებლივი გათავისუფლების აუცილებლობას.
მინისტრის მოადგილემ ასევე ისაუბრა ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესსა და გადაადგილების შეზღუდვასთან დაკავშირებით, რამაც COVID-19-ის პანდემიის დროს უკიდურესად გაამწვავა ადგილზე სიტუაცია. მან აღნიშნა, რომ ე.წ. გადასასვლელი პუნქტების ხანგრძლივი დახურვისა და გადაადგილების შეზღუდვის შედეგად არაერთი ტრაგიკული შემთხვევა მოხდა.
ხათუნა თოთლაძემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის მიერ გააქტიურებული პროვოკაციული ქმედებები წარმოადგენს მოსკოვის მიზანმიმართული დესტრუქციული პოლიტიკის ნაწილს, რომელიც მიზნად ისახავს ქვეყანაში ვითარების დესტაბილიზაციას, ადგილზე კონფლიქტის ესკალაციითა და საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტების ამოქმედებით. 
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში არსებულ დინამიკაზე. მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა რუსეთის მიერ ევროკავშირის შუამავლობით ხელმოწერილი 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულებისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ლტოლვილების უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების საგნობრივი განხილვის აუცილებლობას.  ასევე, მინისტრის მოადგილემ ხაზი გაუსვა, რომ კრიტიკულად მნიშვნელოვანია აღდგეს გალის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმები.
ყურადღება გამახვილდა რუსეთ-საქართველოს 2008 წლის ომის შესახებ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებაზე, რომელიც სამართლებრივად ადასტურებს რუსეთის ფედერაციის ეფექტურ კონტროლს აფხაზეთში და ცხინვალში, შესაბამისად ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევებზე რუსეთის პასუხისმგებლობას.
ქართულმა მხარემ ასევე ისაუბრა საქართველოს ხელისუფლების მიერ წარმოებულ სამშვიდობო პოლიტიკაზე და აქვე ხაზი გაესვა, საქართველოს ხელისუფლების მიერ ინიცირებულ ერთიან ეროვნულ პროცესს, რომელიც საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების მიზნით, კომპლექსური სტრატეგიის შემუშავებას გულისხმობს. 
ქ-ნმა ხათუნა თოთლაძემ აღნიშნა, რომ რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს ტერიტორიებზე უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული კუთხით არსებული რთული ვითარება საჭიროებს ადგილზე საერთაშორისო მექანიზმების წვდომას. ამასთანავე, ყურადღება გამახვილდა, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან დაკავშირებული საკითხების საერთაშორისო თანამეგობრობის დღის წესრიგში მუდმივად ყოფნის მნიშვნელობას. ამ კონტექსტში ხაზი გაესვა გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების მნიშვნელობას.