საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

„ჩვენ ადამიანის უფლებათა დაცვის ისეთივე სიმტკიცე უნდა გვქონდეს, როგორიც, 70 წლის წინ, ამ კონვენციის შემქმნელებს გააჩნდათ“ - დავით ზალკალიანი.

ასამბლეაზე გამოსვლისას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ევროპის საბჭოს  მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით ზალკალიანმა  ხაზი გაუსვა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ფუნდამენტალურ როლს, რომელმაც შესაძლებელი გახადა ადამიანის უფლებათა დაცვის უნიკალური სისტემის შექმნა, რომელიც წარმოადგენს ევროპული თანამშრომლობის საყრდენს, როგორც სამთავრობო, ისე საპარლამენტო დონეზე. „ვიმედოვნებ, რომ ახალი ათწლეული მოგვიტანს ისეთივე ერთგულებას ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით, როგორიც 70 წლის წინ, კონვენციის შემქმნელებს გააჩნდათ“- განაცხადა მან.

ბატონმა ზალკალიანმა ასევე აღნიშნა ოქტომბრის  თვიდან მინისტრთა კომიტეტში განვითარებული ძირითადი მოვლენები და ასევე ისაუბრა იმ ღონისძიებებზე, რომლებიც დაგეგმილია საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, თავმჯდომარეობის პრიორიტეტების შესაბამისად, კერძოდ: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა; სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში; ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემის შექმნა და დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობის გზით.

საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობასთან დაკავშირებით, მინისტრმა  განაცხადა, რომ  მინისტრთა კომიტეტმა ადამიანის უფლებათა მუდმივმოქმედ კომიტეტს მიანიჭა მანდატი, რათა ევროკავშირის წარმომადგენლებთან თანამშრომლობით, დაასრულდეს მუშაობა ლეგალურ ინსტრუმენტებზე, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან ევროკავშირის მიერთების მოდალობების შესაქმნელად.

„ვიმედოვნებ, რომ ეს სამუშაო წარმატებით და მაქსიმალურად სწრაფად დასრულდება. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭომ და ევროკავშირმა უზრუნველყონ ევროპაში ადამიანის უფლებათა დაცვის სისტემის თანხვედრა“ - განაცხადა მან.