საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

დავით ზალკალიანმა ევროპა საბჭოს საპარლამენტო ასამბლეას საქართველოს თავმჯდომარის პრიორიტეტების და დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო

2020 წლის 27 იანვარს, ქ. სტრასბურგში, ევროპის საბჭოს  საპარლამენტო ასამბლეის ზამთრის სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ასამბლეის წევრებს საქართველოს თავმჯდომარეობის პრიორიტეტები გააცნო.

მინისტრმა ისაუბრა საქართველოს თავმჯდომარეობის  ოთხი პრიორიტეტის მიზნებზე.

ხაზი გაესვა, რომ „ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა“ ნოვატორული ინიციატივაა და ზოგადად ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის პრიორიტეტად პირველად განისაზღვრა. საქართველოს მიზანია ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ, თუ რა ზემოქმედებას ახდენს გარემოსდაცვითი პრობლემები ადამიანის უფლებებზე და ასევე იმაზე, თუ როგორ აისახება ადამიანის უფლებათა სფეროში არსებული პრობლემები გარემოს დაცვაზე.

“ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის  არსებული ურთიერთკავშირის უარყოფა მართლაც შეუძლებელია. გვსურს ევროპის საბჭოს ამ სფეროში უფრო მეტი აქტიურობისკენ მოვუწოდოთ. ასევე გვწამს, რომ წევრ სახელმწიფოებში უფრო ფართოდ უნდა დაინერგოს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ზოგიერთი დებულება  როგორც ეკოლოგიური ზიანის შედეგებისგან ადამიანებისა და საზოგადოებათა დაცვის ინსტრუმენტი”-განაცხადა ზალკალიანმა .

მინისტრის ინფორმაციით აღნიშნულისთვის საქართველო, თავისი თავმჯდომარეობის პერიოდში ორგანიზებას გაუწევს ორ მაღალი დონის კონფერენციას.

„სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში“ პრიორიტეტთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ საქართველოს თავმჯდომარეობა ორგანიზებას გაუწევს გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის საკითხებზე საერთაშორისო კონფერენციას, რომელიც  ადგილობრივ, რეგიონულ და ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების წარმატებული ჩართულობის სასარგებლო და ნოვატორულ გამოცდილებას განიხილავს. “სამოქალაქო ჩართულობა მოითხოვს  კრიტიკულ საკითხებზე საზოგადოების დიალოგის დაწყებას და უმნიშვნელოვანესია ჭეშმარიტად დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირების თვალსაზრისით. მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი ძალისხმევა უნდა გავწიოთ სახელმწიფო გადაწყვეტილებების მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოებისა და მოქალაქეთა მონაწილეობის გაძლიერების მიზნით.  ეს დაგვეხმარება დემოკრატიული ინსტიტუტების მიმართ ნდობისა და რწმენის გაძლიერებასა და, ზოგჯერ, აღდგენაში” - განაცხადა მინისტრმა

მან ასევე ისაუბრა თავმჯდომარეობის კიდევ ერთ პრიორიტეტზე. მისი თქმით ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების შექმნა საქართველოს მთავრობის უპირველესი პრიორიტეტია, შესაბამისად ეს საკითხი საქართველოს თავმჯდომარეობის მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. “ჩვენი მიზანია ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულების სისტემებთან დაკავშირებით ევროპის საბჭოს მიერ მიღებული სტანდარტების პოპულარიზაცია და ამ სფეროში საქართველოს გამოცდილებისა და მიღწევების გაზიარება.  საქართველო გამართავს მრგვალ მაგიდას - “ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება“. კონფერენცია შესაძლებლობას მისცემს და წაახალისებს წევრ სახელმწიფოებს იმსჯელონ და განიხილონ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ეროვნულ სისტემებთან დაკავშირებული გამოცდილება, ბავშვის უფლებათა დაცვის ევროპული და საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებისა და  ბავშვზე უფრო მეტად ორიენტირებული სტრატეგიული გადაწყვეტილებების შემუშავების მიზნით”- განაცხადა მინისტრმა.

საქართველოს თავმჯდომარეობის მეოთხე პრიორიტეტია - დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობის გზით. “საქართველოს თავმჯდომარეობას სურს ევროპის საბჭოს ერთ-ერთი მთავარი ღირებულების - დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდების ჩართულობის გზით.

საქართველოს თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს ხარისხიან და ინკლუზიურ, დისკრიმინაციისგან თავისუფალ  განათლებას და უზრუნველყოფს უსაფრთხო და დაცულ სასწავლო გარემოს” - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით საქართველოს თავმჯდომარეობა ორგანიზებას გაუწევს მთელ რიგ ღონისძიებებს, რომელთა მიზანია განათლების პოლიტიკის საკითხებზე მრჩეველთა ქსელის (EPAN) მუშაობისა   და „დემოკრატიული მოქალაქეობისთვის განათლებისა და ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ“ ევროპის საბჭოს ქარტიის განხორციელების ხელშეწყობა. დავით ზალკალიანი ასვე მიესალმა ევროპის საბჭოს მიერ 2020-2030 ახალგაზრდობის სტრატეგიის დამტკიცებას.