საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

მამუკა ბახტაძე - 20 წლის წინ საქართველოს ევროსაბჭოში გაწევრიანება იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ბევრი წარმატებული ფურცელი გველოდება კიდევ მომავალში ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე

ევროსაბჭოში საქართველოს გაწევრიანება 20 წლის წინ იყო ახალი ფურცელი საქართველოს ისტორიაში და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ძალიან ბევრი წარმატებული ფურცელი გველოდება კიდევ მომავალში ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სტრასბურგში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მისი გამოსვლა შეაჯამა და აღნიშნა, რომ ქართულ მხარეს ჰქონდა შესაძლებლობა, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის საქართველოს წარმატებებისა და მის წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაცია მიეწოდებინა.

„გვქონდა შესაძლებლობა, გვესაუბრა იმ რეფორმების შესახებ, რომელიც განვახორციელეთ და რომელიც დაგვეხმარა, მოგვეხდინა საქართველოში დემოკრატიის კონსოლიდაცია, ინსტიტუტების გაძლიერება, დაახლოება ევროპულ სტანდარტთან. ამავე დროს, ჩვენ ვისაუბრეთ რეფორმებზე, რომლის განხორციელებასაც უახლოეს მომავალში ვგეგმავთ. მე ვისაუბრე ასევე ჩვენს ყველაზე მტკივნეულ გამოწვევაზე - რუსულ ოკუპაციაზე. რუსეთის ფედერაცია აგრძელებს ჩვენი ტერიტორიების 20 პროცენტის ოკუპაციას. ჩვენ გვაქვს ძალიან სერიოზული გამოწვევები ადამიანის უფლებების დაცვის თვალსაზრისით, გვაქვს ჰუმანიტარული კატასტროფა ორივე რეგიონში და მქონდა დღეს შესაძლებლობა, რომ ეს ტრიბუნა გამომეყენებინა და ევროპელი მეგობრებისთვის მიმეწოდებინა რეალური და ზუსტი ინფორმაცია ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობის, ჰუმანიტარული კატასტროფის შესახებ, ამავე დროს, იმ სამშვიდობო ინიციატივებზე, რომელსაც ვახორციელებთ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

პრემიერ-მინისტრის თქმით, წლის ბოლოს საქართველო ევროსაბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა გახდება, რაც დიდ პასუხისმგებლობასთან ერთად საქართველოში გატარებული რეფორმების აღიარებას ნიშნავს.

„ჩვენ წლის ბოლოს ვხდებით თავმჯდომარე ქვეყანა. ეს არის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და ამავე დროს აღიარება იმ რეფორმებისა, რომელიც ჩვენ გავატარეთ. გარდა ამისა, ეს არის აღიარება იმისა, რომ ის რეფორმები, რომელსაც ჩვენ გავატარებთ, იქნება ასეთივე წარმატებული და საქართველო გააგრძელებს სვლას ევროპისკენ. ", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.