საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ქ. სტრასბურგში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ მინისტრმა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან შეხვედრა გამართა

ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით საქართველოს მიღწევებს პოზიტიურად აფასებს, - ამის შესახებ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან შეხვედრისას განაცხადა. 

ხაზი გაესვა სხვადასხვა მიმართულებით არსებულ დადებით დინამიკას და იმ ნაბიჯებს, რომლებიც საქართველოს მთავრობამ ადამიანის უფლებების დაცვის ეროვნული მექანიზმების გაძლიერების მიმართულებით გადადგა, მათ შორის სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფის კუთხით. 

ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრაზე ასევე ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებაზე. გამოითქვა წუხილი, რომ ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარს ოკუპირებულ ტერიტორიებზე წვდომისა და საკუთარი მანდატის განხორციელების საშუალება არ ეძლევა. აღინიშნა, რომ გამოყენებული იქნება ყველა არსებული რესურსი და მექანიზმი, რათა საერთაშორისო თანამეგობრობას ოკუპირებულ რეგიონებში წვდომის შესაძლებლობა მიეცეს. 

საუბარი შეეხო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში საქართველოს მომავალ თავმჯდომარეობას. ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოს წარმატებები უსურვა და აქტიური თანამშრომლობის გაგრძელების მზადყოფნა დაადასტურა. 

შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე თამარ ჩუგოშვილი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე დაესწრნენ.