საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს ვიცე-პრემიერის, შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას სამუშაო ვიზიტი სტრასბურგში

2018 წლის 11-12 დეკემებერს საქართველოს ვიცე-პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია სამუშაო ვიზიტით, . სტრასბურგში იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში შინაგან საქმეთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოადგილესთან გაბრიელა ბატაინი-დრაგონისთან, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან ვოიცეხ სავიცკისთან, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტთან გუიდო რაიმონდისთან, ვენეციის კომისიის მდივანთან ტომას მარკერტთან და ადამიანის უფლებათა კომისართან დუნია მიატოვიჩთან.

სამუშაო ვიზიტის მიზანი ევროპელი პარტნიორებისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების - „სისტემური განახლების კონცეფციის გაცნობა იყო, რაც საპოლიციო დანაყოფებში მუშაობის თვისობრივად ახალი მეთოდების და თანამედროვე სტანდარტების დანერგვას უკავშირდება. შეხვედრების ფარგლებში, ასევე განიხილებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით სამინისტროს პოლიტიკა, გატარებული ღონისძიებები და მიღწეული შედეგები. ევროპის საბჭოში გამართულ შეხვედრებზე დადებითად შეფასდა შინაგან საქმეთა სამინისტროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის შექმნა და მისი საქმიანობა.

მხარეებმა, ასევე, განიხილეს სხვა აქტუალური საკითხები, რაც უკავშირდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე და მათ მიმდებარედ, წლების მანძილზე, მოსახლეობის ეთნიკური ნიშნით შევიწროებას, ადამიანის უფლებების დარღვევის მძიმე ფაქტებს და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების სათანადო ფუნქციონირებისთვის ხელის შემშლელ ფაქტორებს.