საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა საჯარო ღონისძიება სახელწოდებით „გვახსოვდეს აფხაზეთი - რუსეთის უკანონო ოკუპაცია და 25 წელი 1992-1993 წლების ომის შემდეგ“

2018 წლის 29 სექტემბერს, ქ. სტრასბურგში ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობაში გაიმართა საჯარო ღონისძიება სახელწოდებით „გვახსოვდეს აფხაზეთი - რუსეთის უკანონო ოკუპაცია და 25 წელი 1992-1993 წლების ომის შემდეგ“. აღნიშნულ ღონისძიების წარმართვის მიზნით ქ. სტრასბურგს ეწვია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, ისტორიკოსი, პროფესორი ჯემალ გამახარია, უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ბატონი ზურაბ ჯგუბურია და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრი ქ-ნი მანანა ქვაჩახია.


ღონისძიება გახსნა ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა ირაკლი გივიაშვილმა, რომელმაც ყურადღება გაამახვილა საქართველოს მთავრობისა და უშუალოდ დიპლომატიური მისიის მიერ საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებზე, ხაზი გაესვა, რომ ქართული დიპლომატიური სამსახურის წალისხმევითა და ევროპელი პარტნიორების დახმარებით ევროპის საბჭოს დღის წესრიგში აქტიურად დგას ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა უხეში დარღვევის საკითხები.

 

ღონისძიებაზე ავტონომიური რესპუბლიკის წარმომადგენლებმა ისაუბრეს აფხაზეთის ომთან დაკავშირებულ თემატიკაზე და მიმდინარე ოკუპაციაზე. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა საექსპოზიციო, ფოტო და ბეჭდური დოკუმენტალური მასალის გამოფენა და გავრცელება, ასევე მოხდა რამდენიმე თემატური (აფხაზეთში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის პრობლემების, უკანონო ოკუპაციის 25-წლიანი პერიოდის ამსახველი ფოტოდოკუმენტალური კრებულის, აფხაზეთში განხორციელებული ქართველთა ეთნიკური წმენდის შესახებ) წიგნის პრეზენტაცია.

შეხვედრას ესწრებოდნენ ქ. სტრასბურგის ქართული დიასპორის წარმომადგენლები და ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივ წარმომადგენლობასთან არსებული საკვირაო სკოლის პედაგოგები, საქართველოს ადგილობრივი დიპლომატიური კორპუსი, საპატიო სტუმრები.

 

ღონისძიების ფარგლებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურისა და განათლების მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სკოლებში ქართული მოსახლეობისთვის მშობლიურ ენაზე სწავლის პრობლემატიკაზე და კულტურული ძეგლების სავალალო მდგომარეობაზე. მინისტრმა საკვირაო სკოლას საჩუქრად გადასცა საგანმანათლებლო მასალა.