საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით იმსჯელეს

30.05.2018 ქ. სტრასბურგი - ​2018 წლის 30 მაისს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1317-ე სხდომაზე, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლობამ გააკეთა განცხადება სირიის რეჟიმის მიერ საქართველოს განუყოფელი რეგიონების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით.

მუდმივმა წარმომადგენლობამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ სირიის რეჟიმმა, რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად მიიღო უკანონო გადაწყვეტილება, რაც საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტური ნორმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტს ასევე მიეწოდა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით.

ქართულმა მხარემ მიმართა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს სათანადო შეფასება მისცენ რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად ასადის რეჟიმის უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღონ ზომები აღნიშნული ქმედების საპასუხოდ.

სხდომაზე საქართველოს პოზიცია გაიზიარეს ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობამ და დაგმეს სირიის რეჟიმის ეს უკანონო გადაწყვეტილება. მათ ასევე მხარი დაუჭირეს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში.