საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება საქართველოს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გმობს რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებებს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ, რითაც უხეშად არღვევს საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებსა და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებულ ვალდებულებებს. გორის რაიონის სოფელ დიცში მავთულხლართებისა და ღობეების დამონტაჟების პროცესის განახლების შემდეგ, 2013 წლის 22 სექტემბრიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარებმა ინტენსიურად გააგრძელეს თავისი უკანონო ქმედებები ქარელის რაიონის სოფელ დვანში.

სამწუხაროდ, ადგილობრივი მოსახლეობა კვლავ მოკლებულია საკუთარ სასოფლო სამეურნეო ნაკვეთებზე შესვლისა და საქმიანობის წარმოების უფლებას. საერთაშორისო თანამეგობრობის მოწოდების მიუხედავად, რუსეთის ფედერაცია კვლავ უხეშად არღვევს ოკუპირებულ და მიმდებარე ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, მათ შორის, თავისუფალი გადაადგილების, მშობლიურ ენაზე განათლების მიღებისა და სხვა სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ უფლებებს.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კვლავ ღრმა შეშფოთებას გამოხატავს იმ ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც გამოწვეულია ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის უკანონო ქმედებებით და ხაზგასმით აღნიშნავს რომ რუსეთი, როგორც ოკუპანტი ქვეყანა, რომლის საოკუპაციო ჯარები უკანონოდ იმყოფებიან საქართველოში მისი საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და რომელიც ეფექტურად იყენებს კონტროლის ბერკეტებს საქართველოს ცხინვალისა და აფხაზეთის რეგიონებში, საერთაშორისო სამართლის თანახმად ვალდებულია შეწყვიტოს ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.

საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს პარტნიორ ქვეყნებს და საერთაშორისო ორგანიზაციებს მიიღონ სათანადო და ეფექტური ზომები, რათა დაუყოვნებლივ შეჩერდეს რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებები საქართველოს ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ.

რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებები და შექმნილი ჰუმანიტარული მდგომარეობა ცხადყოფს უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნისა და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის აუცილებლობას.

თბილისი, 2013 წლის 23 სექტემბერი