საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტთან დაკავშირებით ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში

წლის 4 ოქტომბერს, საქართველოში აკრედიტებული ელჩების ინიციატივის საფუძველზე, შედგა დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების ვიზიტი ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზთან მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, გორის რაიონის სოფ. დიდ ხურვალეთსა და დიცში და ქარელის რაიონის სოფ. დვანში. ვიზიტს ორგანიზება გაუწიეს საქართველოს საგარეო საქმეთა და შინაგან საქმეთა სამინისტროებმა. საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ვიზიტს ხელმძღვანელობდნენ მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი და მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი. 

ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან განლაგებულ სოფლებში ვიზიტისას, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები გაეცნენ რუსეთის საოკუპაციო ჯარების მიერ მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების გავლების შედეგად შექმნილ საგანგაშო მდგომარეობას და გაესაუბრნენ ადგილობრივ მკვიდრებს. საქართველოში აკრედიტებული ელჩების მხრიდან ხაზგასმით აღინიშნა, რომ რუსეთის უკანონო პოლიტიკა უხეშად არღვევს საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ზონებში მცხოვრები მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და იწვევს სავალალო ჰუმანიტარულ შედეგებს.

საგარეო საქმეთა სამინისტრო დიდად აფასებს პარტნიორი-სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების თანადგომასა და მტკიცე მხარდაჭერას. საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის ერთობლივი ძალისხმევა წარმოადგენს მკაფიო გზავნილს რუსეთის ფედერაციისადმი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისა და საქართველოს ტერიტორიაზე  ხელოვნური ბარიერების შექმნის დაუშვებლობის თაობაზე.

თბილისი, 2013 წლის 4 ოქტომბერი