საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1183-ე სხდომის შესახებ

2013 წლის 6 ნოემბერს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1183-ე სხდომაზე განხილული იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-8 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში". ანგარიში მოიცავს 2013 წლის აპრილი-სექტემბრის პერიოდს. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს და ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობაზე.

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-8 კონსოლიდირებული ანგარიშის ირგვლივ გამართულ დებატებზე, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დადებითი შეაფასება მისცეს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს და მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ აღნიშნული მოხსენების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას. გამომსვლელთაგან, მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა ეჭვქვეშ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების ეფექტიანობა.

სხდომაზე ქართული დელეგაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, აქცენტით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებზე. ქართულმა მხარემ მოუწოდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების შესაჩერებლად. საქართველოს დელეგაციამ კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოხსენების - „კონფლიქტი საქართველოში" წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას. საქართველოს დელეგაციამ მადლობა გადაუხადა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების მიმართ ეფექტიანად წარმოებული არაღიარების პოლიტიკის გამო.

სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება და კონსტრუქციული როლი შეასრულოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში.

ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გამო, ასევე ოკუპაციის ხაზების გასწვრივ მიმდინარე ე.წ. „ბორდერიზაციის" პროცესთან დაკავშირებით, ხაზი გაუსვა ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას. ევროკავშირის აღნიშნულ განცხადებას აღმოსავლეთ პარტნიორობის წევრი ქვეყნებიდან მიურთდა მოლდოვას დელეგაცია.

სხდომაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს სუამ-ის წევრმა ქვეყნებმა, რომელშიც მათ მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ხსენებული მოხსენების წარდგენის პრაქტიკის მომავალშიც გაგრძელებას, ასევე, საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-8 კონსოლიდირებულ მოხსენებას, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო გამოხატავს რწმენას, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში" მომავალშიც შენარჩუნდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.

 

2013 წლის 6 ნოემბერი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

 

მიმაგრებული დოკუმენტები: ევროკავშირის განცხადება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-8 კონსოლიდირებულ ანგარიშთან დაკავშირებით