საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის შეხვედრის შესახებ

 

2014 წლის 20 იანვარს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისართან ნილს მუჟნიეკსთან.

შეხვედრისას მხარეებმა განიხილეს საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით არსებული ვითარება. საგარეო საქმეთა მინისტრმა ადამიანის უფლებათა კომისარს ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ადამიანთა უფლებების დარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით და თხოვნით მიმართა, ადგილზე გაცნობოდა რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერის აღმართვის შედეგად იქ არსებულ ვითარებას. კომისრის განცხადებით, იგი სწავლობს აღნიშნულ საკითხს და საქართველოში მისი შემდეგი ვიზიტი სწორედ ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების გაცნობას დაეთმობა.

ადამიანის უფლებათა კომისრის რანგში ეს ბატონი მუჟნიეკსის პირველი ოფიციალური ვიზიტია საქართველოში. ვიზიტის ფარგლებში, ის შეხვედრებს გამართავს როგორც აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების, ისე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. იგეგმება მისი ვიზიტი სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში.

2014 წლის 20 იანვარი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი