საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ეუთო-ს 981-ე მუდმივ საბჭოზე და ევროპის საბჭოს 1189-ე მინისტრთა მოადგილეების კომიტეტზე საქართველოს დელეგაციების მიერ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით

2014 წლის 23 იანვარს ევროპაში უსაფრთხოების და თანამშრომლობის ორგანიზაციის მუდმივი საბჭოს 981-ე პლენარული სხდომაზე საქართველოს დელეგაციამ  გააკეთა განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ სოჭის ოლიმპიური თამაშების გამო, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე, მდინარე ფსოუს გასწვრივ ე.წ. სასაზღვრო ზონის საქართველოს ტერიტორიაზე 11 კილომეტრით გაფართოებასთან დაკავშირებით.

საქართველოს წარმომადგენელმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართული მხარის თანხმობის გარეშე, რუსეთის ფედერაციის მიერ ამგვარი გადაწყვეტილების მიღება წარმოადგენს საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევას და წინააღმდეგობაში მოდის რუსეთის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან, კერძოდ, საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებთან და 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დებულებებთან.

საქართველოს წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სოჭის ოლიმპიური თამაშების კონტექსტში, რუსეთის მხარე ძალისხმევას არ იშურებს აფხაზეთის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებლობის წარმოსაჩენად და ამ მიზნით 500 ერთეული საშვიც კი გაიცა აფხაზეთის რეგიონში დარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალებებისთვის, რაც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

ქართულმა მხარემ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ფედერაციის ამგვარი ქმედება განსაკუთრებით აღმაშფოთებელია ცხინვალის რეგიონში მავთულხლართების და სხვა დამაბრკოლებელი კონსტრუქციების შექმნის და სამხედრო კონტინგენტის უკანონოდ გაზრდის ფონზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ქართულმა მხარემ მოუწოდა რუსეთის ფედერაციას, შეასრულოს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები და თავი შეიკავოს ოლიმპიური თამაშების პოლიტიზებისგან.

სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს ამერიკის შეერთებული შტატების და ევროკავშირის წარმომადგენლებმა. მათ შეშფოთება გამოხატეს ე.წ. სასაზღვრო ზონის საქართველოს ტერიტორიაზე გაფართოებასთან დაკავშირებით, დააფიქსირეს მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობისადმი, მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით აღებული ვალდებულებები, საშულება მისცეს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას განახორციელოს მანდატით განსაზღვრული ფუნქციები საქართველოს მთელს ტერიტორიაზე და დათანხმდეს ეუთო-ს მისიის აღდგენაზე, რომელიც იფუნქციონირებს ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს.

ეუთო-ს მუდმივი საბჭოს 981-ე სხდომაზე განვითარებულმა მოვლენებმა კიდევ ერთხელ ცხადყო, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ საკითხში, რუსეთის ფედერაცია საერთაშორისო იზოლაციაში იმყოფება.

საქართველოს დელეგაციამ 22 იანვარს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1189-ე სხდომაზეც გააკეთა განცხადება რუსეთის ფედერაციის მიერ სოჭის ოლიმპიური თამაშების გამო, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის აფხაზეთის მონაკვეთზე, მდინარე ფსოუს გასწვრივ ე.წ. სასაზღვრო ზონის საქართველოს ტერიტორიაზე 11 კილომეტრით გაფართოებასთან დაკავშირებით.

2014 წლის 23 იანვარი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი