საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ოფიციალური ვიზიტი და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია

2014 წლის 6 თებერვალს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი.

ვიზიტის ფარგლებში, საგარეო საქმეთა სამინისტროში გაიმართა საქართველოსთვის ევროპის საბჭოს სამოქმედო გეგმის ოფიციალური პრეზენტაცია. აღნიშნული დოკუმენტი მოიცავს ევროპის საბჭოს მიერ 2013-2015 წლებში საქართველოში განსახორციელებელ პროექტებს, რომელთა მიზანია საქართველოს ხელისუფლებასთან თანამშრომლობა ადამიანის უფლებების დაცვის, დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცების მიმართულებებით. სამოქმედო გეგმა მიღებულ იქნა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის მიერ 2013 წლის ოქტომბერში საქართველოს ხელისუფლებასა და ევროპის საბჭოს შორის კონსულტაციების შედეგად.

სამოქმედო გეგმის პრეზენტაციაზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრისა და ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის შემდეგ, სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი და საქართველოს სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის მოადგილე ეკატერინე ქრისტესაშვილი. პრეზენტაციას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სახელმწიფო უწყებების ოფიციალური პირები.

ვიზიტის ფარგლებში, გენერალურმა მდივანმა შეხვედრები გამართა საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციასთან. ასევე, გაიმართა გენერალური მდივნისა და საგარეო საქმეთა მინისტრის ერთობლივი პრეს-კონფერენცია.

2014 წლის 6 თებერვალი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

მიმაგრებული დოკუმენტები:  სამოქმედო გეგმის საინფორმაციო ბროშურა