საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან შესვლის პროცედურების გამარტივებასთან დაკავშირებით

2014 წლის 10 თებერვალს გავრცელდა ინფორმაცია მოსკოვის და მის მიერ შექმნილი საოკუპაციო რეჟიმის მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც 10 თებერვლიდან, სოჭის ოლიმპიადის მიმდინარეობისას, უცხოელებისთვის რუსეთის მხრიდან აფხაზეთის ოკუპირებულ რეგიონში შესვლის პროცედურების გამარტივებას ითვალისწინებს. აღნიშნული გადაწყვეტილება წარმოადგენს კიდევ ერთ პროვოკაციულ ქმედებას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ და მიზნად ისახავს უცხო ქვეყნების მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ მოუწოდებს ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების ეროვნული დელეგაციების წევრებს და მოქალაქეებს, თავი შეიკავონ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ვიზიტის განხორციელებისგან და აღნიშნავს, რომ ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონებზე ვრცელდება განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი, რაც გულისხმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე თავისუფალი გადაადგილების შეზღუდვას. კერძოდ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესვლა დაშვებულია მხოლოდ: ა) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე - ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან;ბ) ცხინვალის რეგიონში (ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე) - გორის მუნიციპალიტეტის მიმართულებიდან.ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის დარღვევა ითვალისწინებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას და ისჯება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით. ოლიმპიადის დაწყებამდე, პრევენციის მიზნით გატარებულ სამუშაოებზე დამატებით, კიდევ ერთხელ, საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს ოლიმპიადის მონაწილე ყველა სახელმწიფოს, მოუწოდონ საკუთარ მოქალაქეებს თავი შეიკავონ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში შესვლისაგან.

თბილისი, 2014 წლის 11 თებერვალი