საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია 2014 წლის 12 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების 1194-ე შეხვედრაზე

2014 წლის 12 მარტს სტრასბურგში გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების 1194-ე შეხვედრა. სხვა საკითხებთან ერთად, შეხვედრის დღის წესრიგით გათვალისწინებული იყო "ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" თემის განხილვა.

საკითხის განხილვის დროს, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, კონსტანტინე კორკელიამ გააკეთა განცხადება "ცხინვალის რეგიონის საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის საოკუპაციო ჯარის უკანონო ქმედებების განახლების თაობაზე". ქართული მხარის მოხსენების შემდგომ, სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოში ევროკავშირის ელჩი, საფრანგეთის, პოლონეთის, რუმინეთის, მოლდოვას, ლატვიის, ნორვეგიის, ესტონეთის, გაერთიანებული სამეფოს, ლიტვის, შვედეთის, დანიის და უკრაინის ელჩები. შეხვედრაზე ქართული მხარის მხარდამჭერი განცხადება ასევე გააკეთა ევროპის საბჭოში აშშ-ს წარმომადგენელმა, რომელიც ორგანიზაციაში დამკვირვებლის სტატუსით სარგებლობს.

თავიანთ გამოსვლებში, წევრი ქვეყნების წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი ცალსახად მხარს უჭერენ საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში. მათი განცხადებით შეშფოთებას იწვევს ადმინისტრაციულ საზღვარზე ე.წ. "ბორდერიზაციის" პროცესი და რუსეთს მოუწოდეს დაუყოვნებლივ შეასრულოს 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და ასევე გააუქმოს 11 - კილომეტრიანი ე.წ. „უსაფრთხოების ზონა", რომელიც, რუსეთის ფედერაციის განმარტებით, სოჭის ოლიმპიადის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით საქართველოს ტერიტორიის სიღრმეში იქნა განსაზღვრული.

შეხვედრაზე, რუსეთს ასევე მოუწოდეს, რათა ხელი არ შეუშალოს საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM) თავისი მანდატით გათვალისწინებული ფუნქციების - საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, უპირველეს ყოვლისა, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მონიტორინგის - განხორციელებაში.

2014 წლის 12 მარტი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი