საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1198-ე სხდომაზე გენერალური მდივნის მე-9 კონსოლიდირებული ანგარიშის - 'კონფლიქტი საქართველოში' განხილვის შესახებ

2014 წლის 29-30 აპრილს, ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1198-ე სხდომაზე განხილული იქნა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტორბიორნ იაგლანდის მე-9 კონსოლიდირებული ანგარიში - „კონფლიქტი საქართველოში". ანგარიში მოიცავს 2013 წლის ოქტომბერი - 2014 წლის მარტის პერიოდს. მნიშვნელოვანია, რომ ევროპის საბჭო განაგრძობს რუსეთის ფედერაციისა და საქართველოს იმ ვალდებულებების მონიტორინგს, რომლებიც უკავშირდება 2008 წლის ომის შედეგებს და ახდენს საერთაშორისო საზოგადოების ინფორმირებას საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მდგომარეობაზე. 

ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-9 კონსოლიდირებული ანგარიშის ირგვლივ გამართულ დებატებზე, ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა დადებითი შეფასება მისცეს გენერალური მდივნის კონსოლიდირებულ ანგარიშს და მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ აღნიშნული მოხსენების წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებას. გამომსვლელთაგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ დააყენა ეჭვქვეშ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშების ეფექტიანობა.ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, რომელშიც გამოხატეს შეშფოთება აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო, ასევე რუსეთის ფედერაციის მიერ ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მიმდინარე მავრთულხლართების გავლების შედეგად არსებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევების გამო. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებაში პირველად ხაზგასმულია, რომ რუსეთმა განახორციელა მავთულხლართებისა და სხვა ხელოვნული დაბრკოლებების მონტაჟი, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, იწვევს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევას და აღნიშნულია მათი დემონტაჟის აუცილებლობა. წევრმა ქვეყნებმა მოუწოდეს ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა კომისარს, განახორციელოს ადამიანის უფლებათა მდგომარეობის რეგულარული მონიტორინგი აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო. ხაზი გაუსვეს ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების უფლების მნიშვნელობას. სხდომაზე ქართული დელეგაციის მიერ გაკეთებულ განცხადებაში ყურადღება გამახვილდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე, განსაკუთრებით საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსი სამხედროების უკანონო ქმედებებზე. ქართულმა მხარემ მოუწოდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს, დროულად გადადგან ქმედითი ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის უკანონო ქმედებების შესაჩერებლად. საქართველოს დელეგაციამ კმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნები მხარს უჭერენ ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მოხსენების - „კონფლიქტი საქართველოში" წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებას.სხდომაზე ევროკავშირის სახელით გაკეთდა განცხადება, რომელშიც ევროკავშირის წევრმა სახელმწიფოებმა გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირმა მოუწოდა რუსეთის ფედერაციას შეასრულოს საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის ექვსპუნქტიანი შეთანხმება და უზრუნველყოს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის შესვლა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, აიღოს საქართველოს მიმართ ძალის არგამოყენების ვალდებულება და კონსტრუქციული როლი შეასრულოს ჟენევის მოლაპარაკებების პროცესში. ევროკავშირმა შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთში, საქართველო და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთი, საქართველო ადამიანის უფლებათა მდგომარეობისა გამო, ასევე ადმინისტრაციული საზღვრების გასწვრივ მიმდინარე მავრთულხლართების გავლების პროცესთან დაკავშირებით, ხაზი გაუსვა აღნიშნულ ტერიტორიებზე დევნილთა უსაფრთხო და ღირსეული დაბრუნების აუცილებლობას.სხდომაზე ერთობლივი განცხადება გააკეთეს სუამ-ის წევრმა ქვეყნებმა, რომელშიც მათ მხარი დაუჭირეს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მიერ ხსენებული მოხსენების წარდგენის პრაქტიკის მომავალში გაგრძელებას, ასევე საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-9 კონსოლიდირებულ მოხსენებას და ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ასევე ევროკავშირის, სუამ-ისა და სხვა პარტნიორების მიერ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ მხარდამჭერ განცხადებებს. სამინისტრო გამოთქვამს იმედს, რომ საკითხი „კონფლიქტი საქართველოში" მომავალშიც გაგრძელდება ევროპის საბჭოს პოლიტიკურ დღის წესრიგში.2014 წლის 30 აპრილიპრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი

მიმაგრებული დოკუმენტები:  9th consolidated report on the conflict in Georgia  CMD Decisions - The Council of Europe and the conflict in Georgia  Statement of the Delegation of the European Union to the Council of Europe  Statement of the Delegations of the GUAM member states