საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

საგარეო საქმეთა სამინისტროში ორშაბათის ტრადიციული ბრიფინგი გაიმართა

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის დავით ჯალაღანიას 2014 წლის 5 მაისის ბრიფინგის ჩანაწერი

მოგესალმებით, მსურს ტრადიციულად გაგაცნოთ მიმდინარე კვირის ღონისძიებები, რომლითაც ხასიათდება საგარეო ურთიერთობების კონკრეტული აქტივობები, ჩვენი ქვეყნის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ.

პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო რომ 4-6 მაისს ავსტრიის დედაქალაქ ვენაში იმართება ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 124-ე სხდომა, რომლის მუშაობაშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე. მინისტერიალის დღის წესრიგში საქართველოს საკითხებზე მსჯელობა გათვალისწინებულია საერთო, ზოგადი თემის ქვეშ სათაურით „ევროპის მიმდინარე კრიზისი". დებატები საქართველოზე გაიმართება გენერალური მდივნის ყოველწლიური ანგარიშისა და უკრაინაზე ანგარიშის თემებთან ერთად და განმარტებით დღის წესრიგში ხაზგასმით არის ნაჩვენები, რომ საქართველოს პრობლემატიკა, საქართველოსთან დაკავშირებული საკითხები არის ევროპის საბჭოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევა.

მინისტერიალი ასევე მიიღებს გადაწყვეტილებას, რომლის თანახმად საქართველოზე გენერალური მდივნის მე-9 კონსოლიდირებული ანგარიში იქნება ცნობად მიღებული. ასევე დეტალურ დღის წესრიგში მოხსენიებული იქნება მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის მიერ 2014 წლის 29 აპრილს მიღებული გადაწყვეტილება საქართველოზე და ეს გადაწყვეტილება გავრცელდება ვენის მინისტერიალზეც, ანუ ჩაიდება მინისტერიალის საქაღალდეში. შეხვედრაზე დაგეგმილია საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის სიტყვით გამოსვლა, რომელზეც ის საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჰუმანიტარული კუთხით არსებულ სიტუაციას შეეხება. მინისტრი ასევე მიაწვდის ინფორმაციას საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გავლებული მავთულხლართების, ე.წ ბორდერიზაციის თაობაზე, ასევე არალეგალური საფორტიფიკაციო სტრუქტურის შექმნისა და ჩამოყალიბების თაობაზე და ასევე საქართველოს მოქალაქეების იმ გახშირებულ, უკანონო დაკავების ფაქტებზე, რომელიც ასე გვაწუხებს ყველას.

დღეს ორმხრივ ჭრილში ავსტრიელ კოლეგასთან, ავსტრიის ევროპის, ინტეგრაციისა და საგარეო საქმეთა მინისტრთან ბატონ სებასტიან კურცთან შედგება შეხვედრა. შეხვედრაზე განიხილავენ ავსტრია-საქართველოს ორმხრივი თანამშრომლობის და ასევე მრავალმხრივი დიპლომატიის აქტუალურ საკითხებს.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე იგეგმება ქ-ნი მაია ფანჯიკიძის შეხვედრები თავის უცხოელ კოლეგებთან.

მოგეხსენებათ, რომ 2014 წლის 6 მაისს საქართველო მასპინძლობს თურქეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სამიტს პრეზიდენტების დონეზე. სამმხრივი შეხვედრის ფარგლებში ჩვენ ვუმასპინძლებთ ამ ქვეყნების პრეზიდენტებს. სამიტზე განიხილავენ სამმხრივი თანამშრომლობის საკითხებს. სამიტის ფარგლებში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალიევი შეხვდება საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს.

7 მაისს შედგება თურქეთის პრეზიდენტის, აბდულა გიულის საქართველოში ვიზიტი, რომლის ფარგლებშიც სტუმარი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს და პრემიერ- მინისტრს.

ჩატარდება ასევე ბიზნეს-ფორუმი, რომელზედაც ერთმანეთს შეხვდებიან, მოსაზრებებს გაცვლიან და თანამშრომლობის პერსპექტივებზე იმსჯელებენ  ქართველი და თურქი ბიზნესმენები, საქმიანი წრეების წარმომადგენლები. ბიზნეს-ფორუმს დაესწრებიან თურქეთის პრეზიდენტი და საქართველოს პრემიერ-მინისტრი.

7-8 მაისს ველოდებით დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის სახელმწიფო მდივნის უილიამ ჰეიგის ვიზიტს. რა თქმა უნდა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, მის ქართველ კოლეგასთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრთან და მთავრობის სხვა წევრებთან. შეხვედრებზე განიხილავენ საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, ორმხრივი თანამშრომლობის საკითხებს, რეგიონალური და ეროვნული უსაფრთხოების წინაშე მდგარ გამოწვევებს და ამ ვიზიტსაც ჩვენ განვიხილავთ, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მორიგ მკაფიო მხარდაჭერად.

7-8 მაისს რიგაში გაიმართება პოლიტიკური კონსულტაციები საქართველოსა და ლატვიას შორის. საქართველოს დელეგაციას უხელმძღვანელებს მინისტრის მოადგილე თამარ ბერუჩაშვილი. მოგეხსენებათ ეს არის ტრადიციული ფორმატი, სადაც მსჯელობა გაიმართება როგორც ორმხრივი, ისე მრავალმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრზე. განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა იმ ფაქტს, რომ 2015 წელს ლატვია ხდება ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და რომ სწორედ რიგაში იმართება აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტი.

"საზოგადოებრივი მაუწყებელი": ახალგორის ე.წ საზღვრის გახსნასთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. ის გუშინ უნდა გახსნილიყო 8 საათისთვის, მაგრამ მოქალაქეებს ამ დრომდე უჭირთ ახალგორში გადაადგილება. რა ინფორმაციას ფლობთ? როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, თუ საჭირო გახდებოდა საგარეო საქმეთა სამინისტრო შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ერთად ჩაერთვებოდა. დადგა თუ არა ეს დრო, როცა უკვე აქტიურად უნდა ჩაერთოთ ამ პროცესში.

დავით ჯალაღანია: მე როგორც აღვნიშნე, ვენაში მიმდინარე ვეროპის საბჭოს წევრი ქვეყნების მინისტრთა კომიტეტზე, მინისტრის გამოსვლაში საუბარი იქნება ზოგადად საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან მიმართებაში, იმ შემაშფოთებელ ფაქტებზე, რაც გულისხმობს ჩვენი მოქალაქეების გატაცებას, ასე ვთქვათ, არალეგალურ და ვანდალურ ფაქტებს. მათ შორის, საუბარი იქნება ამ კონკრეტულ ფაქტზეც, რომელიც კვლავ დამატებით სირთულეებს უქმნის ჩვენს მოქალაქეებს. მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ მჭიდრო, ოპერატიულ, ყოველდღიურ კონტაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტროსთან. სამწუხაროდ, ჯერ ფორმალურად ეს ბარიერი მოხსნილი არ არის. მხოლოდ ჰუმანიტარული, წითელი ჯვრის ეგიდით არსებული აქციებისათვის არის ღია. ალბათ, დღეს-ხვალ მოხდება ამის გახსნა. ყოველ შემთხვევაში, ამის ინდიკაცია თვითონ ადგილობრივი მოსახლეობიდან არის. რა თქმა უნდა, ძალაშია ქალბატონი მინისტრის ის ნათქვამი და სიტყვები, რომ თუკი ეს პრობლემა არ გადაწყდა, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო უკვე სხვა საერთაშორისო ბერკეტებს აამოქმედებს მიზნის მისაღწევად.

ტელეკომპანია "რუსთავი 2" : მოგესალმებით, უკრაინაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით მინდა გკითხოთ. გვაინტერესებს საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია. ოდესაში დიდი რაოდენობით არიან დაშავებულები, ასევე გარდაცვლილები. ხომ არ დაშავებულან საქართველოს მოქალაქეები და რა შეფასებას მისცემს საგარეო საქმეთა სამინისტროს აღმოსავლეთ უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს?

დავით ჯალაღანია: ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს იმ მოვლენებს, იმ დინამიკას, რომელიც ამ ქვეყანაში მიმდინარეობს და ვართ მუდმივ კავშირში ჩვენს უკრაინელ პარტნიორებთან, მეგობრებთან. ძალზედ სამწუხარო, ტრაგიკული ფაქტია, რომ ოდესაში მოხდა ასეთი წარმოუდგენელი რამ. ოცდამეერთე საუკუნეში, მშვიდობიან პერიოდში, ქვეყნის შიგნით, გარედან ინსპირირებული დაპირისპირების გამო დაიღუპა ხალხი. არის მრავალი ასეული დაშავებული. საბედნიეროდ, უახლესი მონაცემებით, საქართველოს მოქალაქეები მათ შორის არ არიან. მინდა გითხართ, რომ ჩვენი საელჩო კიევში, საკონსულოები დონეცკსა და ოდესაში, ფუნქციონირებენ სრული დატვირთვით. თქვენ იცით, რომ არსებობს ცხელი ხაზი, როგოც აქ, სამინისტროში, საკონსულო დეპარტამენტში, ისე უკრაინაში ჩვენს წარმომადგენლობებში და გვაქვს მუდმივი კონტაქტი მოქალაქეებთან. რაც შეეხება თავისთავად ამ ფაქტს, რა თქმა უნდა, ჩვენ კვლავ ვიმეორებთ, რომ ეს არის აღმაშფოთებელი, დაუშვებელი რამ და იმედს გამოვთქვამთ, რომ უკრაინის ხელისუფლება ნამდვილად მოახერხებს სტაბილურობის, ქვეყნის მთლიანობის შენარჩუნებას, ქვეყანაში დაგეგმილი არჩევნების წარმატებით მომზადებას და ჩატარებას. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ძალისხმევით, საღი და ცივილიზებული სამყაროს ძალზე პრინციპული პოზიციის დაფიქსირებითა და მისი ქმედითუნარიანობის გამოყენებით, ეს კრიზისი დაიძლევა, დაიძლევა საერთაშორისო პრინციპებიდან გამომდინარე და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, მისი სუვერენიტეტის, ხელშეუხებლობისა და უზრუნველყოფის პირობებში.

2014 წლის 5 მაისი 

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი