საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 124-ე შეხვედრის შესახებ

2014 წლის 6 მაისს, ვენაში გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 124-ე შეხვედრა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო საქართველოს დელეგაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის, მაია ფანჯიკიძის ხელმღვანელობით.

ევროპის საბჭოს სხვა პრიორიტეტული საკითხების პარალელურად, შეხვედრის ერთ-ერთ მთავარ საკითხს ევროპაში არსებული კრიზისი წარმოადგენდა. მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა თავის გამოსვლაში ყურადღება გაამახვილა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ რთულ ვითარებაზე და კოლეგებს ინფორმაცია მიაწოდა საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის ფედერაციის მიერ მავთულხლართების გავლების შესახებ. მან ასევე ისაუბრა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრების მოსახლეობის მიმართ ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე. მისი განცხადებით, რუსეთის პროვოკაციული ქმედებები ჩრდილს აყენებს ორ ქვეყანას შორის ბოლო დროს ეკონომიკურ და კულტურულ სფეროებში შექმნილ თანამშრომლობის დადებით დინამიკას და იმ კონსტრუქციულ ნაბიჯებს, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გადადგა რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების კუთხით. მაია ფანჯიკიძემ ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ მიუხედავად პროვოკაციული ქმედებებისა საქართველო მომხრეა მშვიდობიანი და კონსტრუქციული თანამშრომლობის.

მინისტრმა, საკუთარ გამოსვლაში კვლავ დაადასტურა ჟენევის მოლაპარაკებების პროცესის მნიშვნელობა. მაია ფანჯიკიძე, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლიასას მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას, სუვერენიტეტს და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა გადადგან სათანადო ნაბიჯები უკრაინაში კრიზისის დროული დაძლევის მიზნით. როგორც მინისტრმა გამოსვლაში აღნიშნა, 2008 წლის შემდგომ საერთაშორისო საზოგადოება კვლად დადგა ისტორიული განვითარების გზაჯვარედინზე, როდესაც ევროპის კონტინენტზე კვლავ არსებობს კონფრონტაციის საფრთხე და არ არის გარანტირებული მშვიდობიანი თანაცხოვრების პრინციპები. დასასრულს, მაია ფანჯიკიძემ მადლიერება გამოხატა ავსტრიის თავმჯდომარეობისადმი მის მიერ გაწეული სამუშაოს გამო და მიესალმა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში აზერბაიჯანის ახალ თავმჯდომარეობას.

თავიანთ გამოსვლებში, ორგანიზაციის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ისაუბრეს უკრაინაში მიმდინარე კრიზისის დაძლევის გადაუდებელ აუცილებლობაზე და რუსეთის ფედერაციას მოუწოდეს, გადადგას ქმედითი ნაბიჯები სიტუაციის დეესკალაციის მიზნით. აღნიშნულ კონტექსტში, დიდი ბრიტანეთის, ესტონეთის, რუმინეთის, ლიტვის, ლატვიის და სხვა წევრი-ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა გააკეთეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მხარდამჭერი განცხადებები. მათ ასევე მოუწოდეს რუსეთის ფედერაციას პატივი სცეს საერთაშორისო სამართალს და ხაზი გაუსვეს ევროპის საბჭოს მიერ შესაბამისი მექანიზმების გამოყენების მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ შეხვედრის დასაწყისში მინისტრთა კომიტეტმა ერთხმად დაუჭირა მხარი შეხვედრის დღის წესრიგს და ფორმალურად დაამტკიცა საქართველოს კონფლიქტური ზონების თაობაზე მინისტერიალის სხდომამდე, წევრი ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების მიერ მიღებული გადაწყვეტილება საქართველოს კონფლიქტურ ზონებში შექმნილი სიტუაციის შესახებ.გარდა ამისა, მინისტერიალზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება საქართველოს შესახებ ორგანიზაციის გენერალური მდივნის კონსოლიდირებული ანგარიშის ცნობად მიღების თაობაზე.

2014 წლის 6 მაისი

პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი