საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ინფორმაცია ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1213-ე სხდომაზე მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „ხელშეკრულების" გაფორმებასთან დაკავშირებით

2014 წლის 26 ნოემბერს გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1213-ე სხდომა. დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში" ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა გააკეთა განცხადება მოსკოვსა და სოხუმის საოკუპაციო რეჟიმს შორის ე.წ. „ხელშეკრულების" გაფორმებასთან დაკავშირებით. ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა, რომ რუსეთის ფედერაციის მსგავსი ქმედება ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის პრინციპებს და არის საქართველოს ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ანექსიისაკენ გადადგმული მორიგი ნაბიჯი. საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოუწოდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს სათანადო შეფასება მისცენ აღნიშნულ ფაქტს და გადადგან შესაბამისი ნაბიჯები, რათა მომავალში არ განმეორდეს რუსეთის დესტრუქციული ქმედებები.

სხდომაზე ევროკავშირის წარმომადგენელმა გაავრცელა ევროკავშირის განცხადება აღნიშნულ საკითხზე, რომელსაც მიუერთდნენ ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, მონტენეგრო, ისლანდია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლიხტენშტეინი, ნორვეგია, სან მარინო, უკრაინა, თურქეთი, მოლდოვა.

სხდომის ფარგლებში სიტყვით გამოვიდნენ ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების დელეგაციები და დააფიქსირეს სრული მხარდაჭერა საქართველოს დელეგაციის პოზიციის მიმართ. გამომსვლელთაგან მხოლოდ რუსეთის ფედერაციამ გამოხატა ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნების უმრავლესობისგან განსხვავებული პოზიცია.

2014 წლის 26 ნოემბერი