საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადება მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულების“ პროექტთან დაკავშირებით

2015 წლის 14 იანვარს გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1216-ე სხდომა. დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კონსტანტინე კორკელიამ გააკეთა განცხადება მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულების“ პროექტთან დაკავშირებით.

 

თავის გამოსვლაში, ბატონმა კონსტანტინე კორკელიამ ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ცხინვალის რეგიონი/სამხრეთ ოსეთი არის საქართველოს ტერიტორიის განუყოფელი ნაწილი და რუსეთის ფედერაციის მხრიდან განხორციელებული უკანონო სამხედრო ინტერვენცია თუ ინტეგრაციის სხვა ფორმები არის აგრესიის, ოკუპაციისა და დე ფაქტო ანექსიის აქტი, რომელიც მიმართულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ.

 

ამასთანავე, საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოუწოდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მისცენ შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება აღნიშნულ ფაქტს და გადადგან ნაბიჯები აღნიშნული ე.წ. „ხელშეკრულების“ ხელმოწერის თავიდან აცილების მიზნით.