საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი საქართველოში

2015 წლის 11 მარტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით დონდუა შეხვდა ევროპის საბჭოს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს დანიილ ხოშაბოს და ამავე დეპარტამენტის მრჩეველს მარსელ კაპს.

ევროპის საბჭოს დელეგაციის საქართველოში ვიზიტის მიზანს წარმოადგენს ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის მე-11 კონსოლიდირებული ანგარიშის - „კონფლიქტი საქართველოში“ მომზადება.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ჰუმანიტარულ მდგომარეობასთან და კრიმინოგენულ ვითარებასთან დაკავშირებული საკითხები. ამასთანავე საუბარი შეეხო ზოგადად რუსეთის  ქმედებებს საქართველოსა და რეგიონში, მათ შორის რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის გაფორმებულ ე.წ. „ხელშეკრულებას" და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონთან რუსეთის მიერ ე.წ. სახელმწიფო საზღვრის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებას. 

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროპის საბჭოს ნდობის აღდგენის მექანიზმების მნიშვნელობაზე  და ჟენევის მოლაპარაკებათა ფორმატში განხილულ საკითხებზე. ამასთანავე, განიხილეს ბოლო დროს განვითარებული პოლიტიკური მოვლენები უკრაინაში და რეგიონში მიმდინარე პროცესები.