საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოში საქართველოს მუდმივი წარმომადგენლის განცხადება მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულების“ დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით

2015 წლის 18 მარტს გაიმართა ევროპის საბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტის 1223-ე სხდომა. დღის წესრიგის საკითხის „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“ ფარგლებში, ევროპის საბჭოსთან საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა, ბატონმა კონსტანტინე კორკელიამ გააკეთა განცხადება მოსკოვსა და ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს შორის თანამშრომლობისა და ინტეგრაციის თაობაზე ე.წ. „ხელშეკრულების“ დაგეგმილ ხელმოწერასთან დაკავშირებით.

თავის გამოსვლაში, ბატონმა კონსტანტინე კორკელიამ აღნიშნული ფაქტი შეაფასა, როგორც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის წინააღმდეგ მიმართული მორიგი ნაბიჯი რუსეთის ფედერაციის მხრიდან და აღნიშნა, რომ მიუხედავად საერთაშორისო საზოგადოების არაერთი მოწოდებისა, რუსეთის ფედერაცია კვლავაც განაგრძობს საქართველოს ტერიტორიების ანექსიას.

საქართველოს მუდმივმა წარმომადგენელმა მოუწოდა ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებს მისცენ შესაბამისი სამართლებრივი და პოლიტიკური შეფასება აღნიშნულ ფაქტს და გადადგან ნაბიჯები რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის ანექსიის ფაქტის საპასუხოდ.

დღის წესრიგის აღნიშნული საკითხის ფარგლებში სიტყვით გამოვიდა ევროპის საბჭოში ევროკავშირის წარმომადგენელი და გააჟღერა ევროკავშირის განცხადება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ევროკავშირის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ მსგავსი ხელშეკრულების ხელმოწერა არის რუსეთის ფედერაციის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების დარღვევა და საფრთხეს უქმნის სტაბილურობას რეგიონში. ევროკავშირმა კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ალბანეთი, ბოსნია და ჰერცეგოვინა, საქართველო, მონტენეგრო, მოლდოვის რესპუბლიკა, ნორვეგია, ყოფილი იუგოსლავიის რესპუბლიკა მაკედონია, თურქეთი და უკრაინა მიუერთდნენ ევროკავშირის განცხადებას.