საიტზე მიმდინარეობს ტექნიკური სამუშაოები

ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი გმობს რუსეთსა და სამხრეთ ოსეთის საოკუპაციო რეჟიმს შორის „ხელშეკრულებას”

რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს სამხრეთ ოსეთის რეგიონს შორის ე.წ. „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ ხელმოწერას გამოეხმაურა ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესის პრეზიდენტი ჟან-კლოდ ფრეკონი. 

"ძალიან ვწუხვარ ამ პროვოკაციულ ინიციატივასთან დაკავშირებით: ყირიმისა და სევასტოპოლის უკანონო ანექსიიდან ერთი წლის თავზე და საქართველოს მეორე რეგიონთან - აფხაზეთთან გაფორმებული მსგავსი ტიპის ე.წ. ხელშეკრულების დადებიდან ექვსი თვის შემდეგ, რუსეთის ფედერაციამ სამხრეთ ოსეთთან/საქართველო ე.წ ხელშეკრულების ხელმოწერით კიდევ ერთხელ უხეშად დაარღვია ევროპის საბჭოს წევრი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა და რუსეთის ევროპის საბჭოში გაწევრიანების დროს აღებული საერთაშორისო ვალდებულებები. ეს ინიციატივა საფრთხეს უქმნის ევროპის რეგიონის სტაბილურობას და არის რუსეთის მხრიდან მეზობელი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის დარღვევის კიდევ ერთი მაგალითი. მოვუწოდებთ რუსეთს საბოლოოდ შეწყვიტოს მეზობელ ქვეყნებზე ამგვარი ზეწოლა,“- ნათქვამია განცხადებაში.  

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის 3 დეკემბერს, ევროპის საბჭოს ადგილობრივ და რეგიონულ ხელისუფლებათა კონგრესი ასევე გამოეხმაურა აფხაზეთის რეგიონთან ანალოგიური „ხელშეკრულების“ ხელმოწერას და გააკრიტიკა აღნიშნული ფაქტი.